ჯანმრთელობარჩევები

კომში – სილამაზის, სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლო

კომშის წვენით ძველად უშვილობას მკურნალობდნენ

ძველ საბერძნეთში კომშის ნაყოფი სილამაზის, სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ მიაჩნდათ, ხოლო აღმოსავლეთის პოეტები ხშირად ქალის სილამაზეს სწორედ კომშს ადარებდნენ. მას მეთერთმეტე საუკუნის ცნობილი ექიმი, ფილოსოფოსი და პოეტი ავიცენაც (იბნ სინა) უდიდეს ყურადღებას უთმობდა და თვლიდა, რომ კომშს არა მარტო სამკურნალო თვისებები აქვს, არამედ ქალებს მის გამოყენებას სახის ფერისა და კანის გასაუმჯობესებლადაც ურჩევდა.

კომში შეიცავს 12%-მდე ფრუქტოზას, გლუკოზას, საქაროზას, 0,47-2,52 % ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ღვინის, ლიმონის), მთრიმლავ ნივთიერებებს (1%), პექტინს (2,9%), ვიტამინ C-ს (30-50მგ %), B 1-ს, B 2-ს, კაროტინს, ამინომჟავებს, ეთერზეთებს, რკინას, სპილენძს, მარგანეცს, ალუმინს და ა. შ.

შინაურ პირობებში მზადდება ლოსიონები და ნიღბები ცხიმიანი კანისთვის, გარკვეული  კომპონენტების დამატების შემდეგ ისინი მშრალი კანისთვისაც შესანიშნავია. ხოლო კომშის თესლისგან მიღებული ლორწო განსაკუთრებული ანტისეპტიკური ეფექტიანობით გამოირჩევა, ამისთვის კი მთლიანი კურკები წყალში უნდა ადუღდეს. ლორწო ასევე შესანიშნავი საშუალებაა სებორეის შემთხვევაში.

კომშის ლოსიონები

  • შეგიძლიათ ყოველ დილით კომშის ახალმოჭრილი პატარა ნაჭრით სახეზე ჩაიტაროთ მარტივი მასაჟი, რაც ბრწყინვალე ზემოქმედებას მოახდენს დანაოჭებულ, მოდუნებულ სახის კანზე.
  • ერთ ჭიქა წყალში ჩაასხით ერთი სუფრის კოვზი კომშის წვენი, თითო ჩაის კოვზი გლიცერინი და ოდეკოლონი. მიღებული ლოსიონი რეკომენდებულია მოშვებული სახის კანისთვის.
  • მწიფე კომში გავხეხოთ წმინდა სახეხზე, დოლბანდის საშუალებით გავწუროთ და წვენში დასველებული ბამბის ტამპონით სახე გავიწმინდოთ. კარგია ცხიმიანი კანისთვის. აუფერულებს ჭორფლს.
  • ერთი კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ, წვეთ-წვეთობით დავუმატოთ ნახევარი ჭიქა ოდეკოლონი, ქაფურის სპირტი და კომშის წვენი. ამ ლოსიონში დასველებული ბამბით გავიწმინდოთ ფორებიანი, გაუხეშებული სახის კანი, რომელიც პროცედურის შემდეგ ნაზი, მკვრივი და ხავერდოვანი ხდება.
  • ორი ცალი კომშის ქერქს დავასხათ არაყი ან წყლით 20%-მდე გაზავებული სპირტი, ორი კვირის შემდეგ გავფილტროთ, დავუმატოთ იმავე რაოდენობის ვარდის წყალი ან ვარდის ფურცლების ნაყენი. ამ ლოსიონში დასველებული ბამბით გავიწმინდოთ სახე და ყელი, შემდეგ კი გადავისვათ შესაბამისი მკვებავი. ეს საშუალება ატონიზებს სახის კანს, ჭიმავს ნაოჭებს.

კომშის ნიღბები

  • მწიფე კომში გავხეხოთ, დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი მდუღარე წყალი, 1 ჩაის კოვზი სახამებელი და ამდენივე მცენარეული ზეთი. მიღებული ნარევი სახეზე წავისვათ, 15-20 წუთის შემდეგ კი ჯერ თბილი, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოვიბანოთ .
  • კომში გავხეხოთ და შევურიოთ თანაბარი რაოდენობის ნაღებსა და კვერცხის გულს, დავუმატოთ ერთი კოვზი თაფლი, წავისვათ სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

მკვებავი საცხი კომშისგან

ორი სუფრის კოვზი მწიფე კომშის რბილობი გულდასმით ავზილოთ 2-3 კოვზ გამდნარ საქონლის ძვლის ტვინში. დავუმატოთ 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე მცენარეული ზეთი. ყოველივე ეს შეუჩერებლად ვლესოთ და ნელ-ნელა დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ქაფურის სპირტი. ეს კრემი განკუთვნილია მშრალი, მოდუნებული კანისთვის.

კომშის „ჟელე“

30 გ კომშის თესლი ნახევარი საათით ჩავალბოთ ერთ ჭიქა წყალში, შემდეგ მოვათავსოთ ნელ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და იმწუთასვე გავფილტროთ. თბილ-თბილი ლორწოვანი ნახარში უნდა შევიზილოთ თავის კანში ცხიმიანი თმებისა და სებორეის შემთხვევებში. როცა თმა გაშრება, გადავივლოთ ცხელი წყალი. პროცედურას იმეორებენ ყოველდღიურად, ერთი კვირის განმავლობაში. „ჟელეს“ მაცივარში ინახავენ.

***

შემორჩენილია, ასევე, კომშის უმი ნაყოფის წვენით უშვილობის მკურნალობის ძველი რეცეპტიც, რომლის მიხედვითაც წვენის მიღება საჭიროა ახალი მთვარიდან მთვარის მესამედამდე, ყოველ საღამოს 1 სუფრის კოვზი.

და კიდევ: კომში გასახდომად შესანიშნავი საშუალებაა, რადგან დაბალკალორიულია (100 გ მხოლოდ 42 კკალ-ს შეიცავს) და, ამავე დროს, უჯრედისით მდიდარია.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ კომში აბსოლუტურად არარეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც პლევრიტი, ენტეროკოლიტი და ქრონიკული ყაბზობა აწუხებთ, სასურველი არ არის არც ალერგიისადმი მიდრეკილების დროს.

კომში დიდი სიფრთხილით უნდა მიირთვათ კუჭის წყლულის, სისხლის შედედების გაზრდილი დონის შემთხვევაში (ფიბრინოგენის მაღალი კონცენტრაციისას), აგრეთვე, დიდად რეკომენდებული არ არის ლაქტაციის დროს.

გახსოვდეთ, რომ კომშის თესლების ჭამა არ შეიძლება, რადგან ისინი ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს – ნიტრილებს შეიცავს. კუჭის წვენის მოქმედების შედეგად ეს ნივთიერებები სინილის მჟავად (ციანის მჟავა) გარდაიქმნება, რომელიც ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის. კომშის თესლები (კურკები), აგრეთვე, შეიცავს ამიგდალინს, რომელიც პერორალური მიღების დროს ორგანიზმში ციანიდებს გამოათავისუფლებს, რამაც შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. კომშს როდესაც რაიმე კერძს უმატებთ, თესლები (კურკები) აუცილებლად გამოაცალეთ, თუმცა 2-3 ცალი თესლი თუ შეგყვათ საკვებთან ერთად, არაფერია – ისინი ასე მცირე რაოდენობით ვერანაირ სერიოზულ ზიანს ვერ მოგაყენებენ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close