ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვება უახლოეს მომავალში დაიწყება – საქართველოს თავდაცვის მინისტრი (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრის თქმით, საწარმო უახლოეს მომავალში შეძლებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას.
ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეიშენალისა“და პოლონურ კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ.
სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს მოამზადებენ.
სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ჯუანშერ ბურჭულაძეს ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა იოსებ ლოლაძემ სამხედრო მრეწველობის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც გააცნო.
კომენტარები