ციურიხი-თბილისი-ციურიხი – როდის დაიწყება საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა?
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შესაძლოა თბილისსა და ციურიხს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისები დაინიშნოს. ამის შესახებ საქართველოს საელჩო თავის ოფიციალურ FB-გვერდზე წერს.
საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პირველ ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე შვეიცარიული ავიაკომპანია „ედელვაისის“ აღმასრულებელ კომერციულ დირექტორს, პატრიკ ჰეიმანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის თემა იყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და შვეიცარიას შორის.
საელჩოს ცნობით, შვეიცარული ავიაკომპანია დაინტერესებულია ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნით და მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით დასასრულს უახლოვდება. მოლაპარაკებების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში.
„შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე. რევაზ ლომინაძემ შვეიცარიული ავიაკომპანიის ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში არსებულ ვითარებასა და პოზიტიურ ტენდენციებზე. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ინვესტორთა მოზიდვასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები