ისტორიასაქართველო

დასავლეთ საქართველოს აყრის გეგმა ქუთაისის გუბერნატორისგან – რატომ შეხვდა ქართველების დელეგაცია რუსეთის იმპერატორს?!

ქუთაისის გუბერნატორი ალექსეი ალექსეევიჩ სმაგინი (1901-1905) – შოვინისტი მოხელე ცდილობდა, ახალდაპყრობილი ქართული მიწებიდან რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მცხოვრები აეყარა და ოსმალეთში გადაერეკა, ხოლო მათი სახლ-კარი რუსეთიდან გადმოსახლებულებისთვის დაეთმო.

სამხედრო გუბერნატორად ყოფნისას ჭოროხს გაღმა სოფელ თხილნარში (ამჟამინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) ალექსეი სმაგინმა შიდა რუსეთიდან ჩამოასახლა ხალხი, რომელთაც „სიმინდის მოყვანა არ იცოდნენ, პური კი ნესტიან ადგილას ჩალპა და არ ამოვიდა; ამასთანავე, დაერიათ ციება და მოკლე დროში თითქმის განახევრდა ხალხი; გადარჩენილებმა მოკურცხლეს და გაიფანტნენ“, – (წერდა დავით კლდიაშვილი. source:kvirispalitra)

ალექსეი სმაგინს სხვა გუბერნიებშიც უმსახურია და იქაც სასტიკად ეპყრობოდა ადგილობრივ მოსახლეობას, რაც ხელისუფლებამ დაუფასა. მიანიჭეს გენერლობა, ხოლო შემდეგ ქუთაისის გუბერნატორადაც დაუწინაურებიათ. კარიერისტობითა და ანტიქართული ქმედებებით ცნობილმა ალექსეი სმაგინმა თხილნარის ამბავი არ იკმარა და რუსეთის იმპერატორს საიდუმლო რაპორტი გაუგზავნა, რითაც ითხოვდა არა მარტო ბათუმის ოლქის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის მასობრივ გასახლებასა და მათ ადგილას რუსების დამკვიდრებას.

ამ განზრახვის შესახებ შემთხვევით შეიტყო ექვთიმე თაყაიშვილის უფროსმა ძმამ, სამხედრო სამსახურში მყოფმა ნიკოლოზ თაყაიშვილმა. მან ამის შესახებ საიდუმლოდ აცნობა იმერეთის თავადაზნაურთა წინამძღოლს, თავად დავით ნიჟარაძეს (1853-1922).

დავითი პეტერბურგში არავის იცნობდა ისეთს, ვინც ამ სერიოზულ საქმეში უშუამდგომლებდა და იმპერატორთან მიღებაშიც დაეხმარებოდა. ასეთი ადამიანები თვით ქუთაისში უნდა მოეძებნა და ნახა კიდეც. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, ადრე რუსეთში მცხოვრები სამსონ თოფურია (1854-1904) წელიწადში რამდენჯერმე მოგზაურობდა მოსკოვსა და პეტერბურგში, ხვდებოდა თავის კოლეგებს, ეცნობოდა მედიცინის სიახლეებს, კოლეგების დახმარებით მან რუსეთის დედაქალაქში მრავალი მაღალი თანამდებობის პირიც გაიცნო და მათ შორის მეგობრებიც შეიძინა.

მეორე იყო მისივე ძმა, გურიის დრუჟინის მეთაური ერმალო ოტიას ძე ნიჟარაძე (1834-?), რომელსაც რუსეთ-თურქეთის ბოლო ომის (1877-1878) დროს დიდი დამსახურება ჰქონდა რუსეთის სარდლობის წინაშე და მრავალი ჯილდოც მიიღო თვით იმპერატორის ბრძანებით.

თვით დავით ნიჟარაძე ხასიათით ერთობ მამაცი და გაბედული კაცი იყო, არ ეპუებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და თამამად ეკამათებოდა საზოგადო საქმეებზე. მან აღარ დააყოვნა, იმპერატორთან აუდიენციისთვის პეტერბურგში გაემგზავრა და თან წაიყვანა ერმალო ნიჟარაძე და სამსონ თოფურია.

დელეგაცია თავდაპირველად პიოტრ არკადიევიჩ სტოლიპინს (1862-1911) შეხვდა. რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი იმთავითვე მოიხიბლა ქართველი ემისრების კეთილშობილებითა და განსწავლულობით. გაშინაურებულმა სტუმრებმა პიოტრ სტოლიპინს გაუმხილეს ალექსეი სმაგინის განზრახვა, რამაც მისი დიდი გაოგნება და აღშფოთება გამოიწვია არა იმდენად ქართველებისადმი პატივისცემის, რამდენადაც სახელმწიფო საიდუმლოების გამხელის გამო. ამ ფაქტის შესახებ მან დაუყოვნებლივ მოახსენა იმპერატორს და ქართველთა გასახლების საკითხიც აღარასოდეს წამოჭრილა.

წყარო: ფეისბუქგვერდი „ისტორია“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close