მედიცინა

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თმის ქიმიური გასწორება საშვილოსნოს კიბოს იწვევს

საშვილოსნოს კიბოების იშვიათი და აგრესიული ტიპის შემთხვევები აშშ-ში სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში; ახალი კვლევის მიხედვით, ამის ნაწილობრივი მიზეზი შეიძლება თმის ქიმიური გასწორება იყოს.

მათ, ვისაც კვლევის დაწყებამდე წინა 12 თვეში ოთხზე მეტჯერ ჰქონდათ გამოყენებული თმის ქიმიური გასწორების პროდუქტი, 155-ჯერ მაღალი ჰქონდა მოგვიანებით საშვილოსნოს კიბოს დიაგნოზის შანსი, ვიდრე მათ, ვისაც არასოდეს ჰქონდა თმის ქიმიური გასწორების პროდუქტი გამოყენებული.

შედარებისათვის, მათ, ვისაც არასოდეს გამოუყენებია თმის ქიმიური გასწორების პროდუქტი, საშვილოსნოს კიბოს დიაგნოზის დასმის 1,64-პროცენტიანი შანსი უნდა ჰქონოდათ 70-ე დაბადების დღემდე. ეს რიცხვი 4,05 პროცენტამდე იზრდება მათში, ვინც ხშირად ისწორებს თმას ქიმიურად – მაინც მცირე, მაგრამ აშკარად მაღალი რისკი.

ამავე დროს, საშვილოსნოს კიბოსთან დაკავშირებული არ აღმოჩნდა თმის საღებავი.

„ასეთი შედეგები თმის გასწორების პროდუქტებისა და საშვილოსნოს კიბოს შორის კავშირის პირველი ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებაა“, – წერენ NIEHS-ის მკვლევრები.

ჭარბი ოდენობით ისეთ ჰორმონებს, როგორიცაა ესტროგენი და პროგესტერონი, საშვილოსნოს კიბოსთან წარსულშიც აკავშირებდნენ; ამ ბუნებრივ ჰორმონთა მიბაძვა და მათი რეცეპტორების შებოჭვა თმის მრავალ პროდუქტსაც შეუძლია.

2018 წელს, შემოწმებისას მკვლევრებმა თმის 18 პროდუქტში აღმოაჩინეს ენდოკრინული სისტემის დამაზიანებელი ქიმიური ნივთიერებები. გარდა ამისა, გამოვლენილ ქიმიურ ნივთიერებათა 84 პროცენტი პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი არ იყო; 11 პროდუქტი შეიცავდა ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აკრძალული იყო ევროკავშირში ან რეგულირდებოდა კალიფორნიის კანონმდებლობით.

ამჟამად აშშ-ში ფედერალური რეგულაციები ესტროგენის რეცეპტორზე აქტივობის შემოწმებას მხოლოდ მაშინ მოითხოვს, როდესაც საქმე ეხება პესტიციდებს და სასმელი წყლის დამაბინძურებლებს. თმის პროდუქტები ამ რეგულაციათა მიღმაა და შეიძლება, სერიოზულადაც აზიანებდეს საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ კი დაადგინა, რომ თმის საღებავები და ქიმიური გასწორების საშუალებები ასევე დაკავშირებულია საკვერცხის კიბოს მაღალ რისკთან.

ამჯერად, ამ სიას საშვილოსნოს კიბოც დაემატა. ამ ტიპის კიბოზე ჩატარებულმა კვლევამ ვერ გამოავლინა სხვაობა რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის, მაგრამ როგორც ავტორები შენიშნავენ, ამის მიზეზი ის არის, რომ შავკანიანი ქალები თმის გასასწორებელ პროდუქტებს ახალგაზრდა ასაკში უფრო მაღალი მაჩვენებლით და მაღალი კონცენტრაციით იყენებენ და შესაბამისად, საშიშროება შეიძლება უფრო დიდი იყოს. ერთი კვლევის მიხედვით, აფროამერიკელ ქალთა 89 პროცენტი იყენებს თმის ქიმიურ მომადუნებლებსა და გასასწორებლებს.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მკვლევრები ჯერ კიდევ არკვევენ, თმის პროდუქტებში შემავალმა რომელმა ქიმიურმა ნივთიერებებმა შეიძლება ახსნას მათთან დაკავშირებული კანცეროგენური ეფექტები, მაგრამ მთავარი ეჭვმიტანილები არიან პარაბენები, ფთალატები და ფორმალდეჰიდები.

„ქალებში დავაკვირდით ძლიერ კავშირს თმის გასასწორებლების გამოყენებასა და დაბალ ფიზიკურ აქტივობას შორის“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, იმის გამო, რომ ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია სქესობრივი სტეროიდული ჰორმონების შემცირებასთან და ქრონიკულ ანთებათა კლებასთან, მაღალი ფიზიკური აქტივობის მქონე ქალები შეიძლება ნაკლებად იყვნენ მოწყვლადნი საშვილოსნოს კიბოს სხვა რისკფაქტორებისადმი. თუმცა, მკვლევრები იქვე შენიშნავენ, რომ უფრო მეტი კვლევაა საჭირო ფიზიკურ აქტივობას, თმის პროდუქტების გამოყენებასა და საშვილოსნოს კიბოს შორის ურთიერთკავშირის უკეთ დასადგენად.

კვლევა Journal of the National Cancer Institute-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close