საბერძნეთში 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ქართველ მამაკაცს, რომელმაც ყოფილი პარტნიორი ქალის გაუპატიურება და მკვლელობა სცადა ბავშვის თვალწინ
საბერძნეთში 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 40 წლის ქართველ მამაკაცს, რომელმაც თავისი ყოფილი პარტნიორი ქალის მოკვლა სცადა – მას კისერში დანა გამოუსვა. შემთხვევა 2021 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა თესალონიკის ცენტრში.
2 დღის წინ თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა შერეულმა სასამართლომ 40 წლის მამაკაცს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც efsyn.gr წერს, მამაკაცმა დაჭრამდე ქალის გაუპატიურებაც სცადა მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ.
საბედნიეროდ, დაზარალებული ქალი გადარჩა, რადგან პოლიცია დროულად მივიდა დანაშაულის ადგილზე.
ნაფიც მსაჯულთა შერეულმა სასამართლომ ვერანაირი შემამსუბუქებელი გარემოება ვერ დაინახა საქმეში და ბრალდებული მამაკაცი ციხის გზას გაუყენა 19 წლით გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობისთვის. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
არსებული ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოდანაა, 2014 წლიდან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა თავის 39 წლის თანამემამულესთან და მასთან ქორწინების გარეშე 8 წლის ბავშვიც ჰყავს. მათი ურთიერთობა გაწყვიტეს, თუმცა ერთ ბინაში ცხოვრობდნენ, სადაც დაზარალებულმა ბრალდებულს ერთი ოთახი გამოუყო.
გამოცემის ინფორმაციით, დანაშაული 2021 წლის 18 დეკემბერს მოხდა. 39 წლის ქალი სახლში დაბრუნდა, მამაკაცი თავისი ოთახიდან გამოვიდა და მას გამოელაპარაკა. ქალმა ხმა არ გასცა, რამაც იგი გააბრაზა. შემდეგ, როგორც საქმეშია აღნიშნული, მან ქალი იატაკზე, შემდეგ კი დივანზე დააგდო, ტანსაცმელი გახადა და გაუპატიურება სცადა, ქალი მას შეეწინააღმდეგა, მოძალადემ 10-სანტიმეტრიანი დანით კისრის არეში მას ჭრილობა მიაყენა. ქალმა მოახერხა ხელიდან დასხლტომოდა და სააბაზანოში ჩაიკეტა, საიდანაც 911-ზე დარეკა. ქალმა პოლიციისთვის მხოლოდ ქუჩის თქმა მოასწრო, რადგან თავდამსხმელმა კარი შეამტვრია და ტელეფონი წაართვა.
პოლიციის ეკიპაჟები ქალის მიერ დასახელებულ ქუჩაზე წავიდნენ, სახლს კი ხმაურით მიაგნეს – სახლიდან ქალის ყვირილი და ბავშვის ტირილი ისმოდა. მამაკაცმა სამართალდამცავებს კარი არ გაუღო და ისინი იძულებული გახდნენ, შეემტვრიათ.
დაკავებისას მოძალადემ წინააღმდეგობა გაწია, თუმცა პოლიციამ საბოლოოდ მისი დაკავება შეძლო.
დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, საბედნიეროდ, მისთვის მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის სახიფათო არ აღმოჩნდა.
„იღბალმა გადამარჩინა“
„არ ვიცი, როგორ გადამარჩინეს, გამიმართლა“, – თქვა 39 წლის ქალმა და განცდილ „კოშმარზე“ ისაუბრა. „მითხრა, რომ მომკლავდა და ვერ გავექცეოდი. ჩემი გაუპატიურება სცადა ბავშვის თვალწინ. მეგონა დამთავრდა ყველაფერი და მოვკვდებოდი. ბევრი სისხლი მქონდა […] საბედნიეროდ, დანამ არ გაჭრა. სხვა (დანები) დამალული იყო, ის აიღო, რომელიც გადაჭრილი იყო […] პოლიციის მოსვლისას დანა კისერში მქონდა“, – თქვა დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას.
„უბრალოდ, მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა“
ბრალდებულმა თავის ჩვენებაში უარყო მკვლელობისა და გაუპატიურების მცდელობა. მისი თქმით, ნასვამი იყო და მხოლოდ ქალის დაზიანება უნდოდა: „იგი დილით მოვიდა გამომწვევად ჩაცმული და მთვრალი. ვკითხე, სად იყო და უნდოდა თუ არა ოჯახი. იგი აბაზანაში შევიდა და რომ გამოვიდა, მითხრა: „პოლიცია გამოვიძახე. ციხეში მოკვდები“. მე დანა ავიღე, ავყვირდი. დანა არ ჭრიდა, მე მისი დაჭრა მინდოდა“, – თქვა მან.
თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა შერეულმა სასამართლომ ბრალდებულის არგუმენტები არ გაიზიარა, ჩათვალა, რომ დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა და 40 წლის მამაკაცს ხანგრძლივი ვადით – 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა გასაჩივრების უფლების გარეშე.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები