პოლიტიკასპორტი

„ჩემზე გამოიწია დასარტყმელად“ – ვის ადანაშაულებს მინისტრი წულუკიანი ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში

კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მასზე დასარტყმელად კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა დავით წიკლაურმა გაიწია. შემთხვევა მინისტრის კაბინეტში მოხდა და, წულუკიანის თქმით, ამ ინციდენტს ათობით მოწმე ჰყავს. კონფლიქტი კრივის ფედერაციისთვის დაფინანსების შეწყვეტას მოჰყვა.

წულუკიანმა ამ თემაზე პირველად პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში ისაუბრა, თუმცა მინისტრს მაშინ მოძალადის ვინაობა არ დაუსახელებია.

თეა წლუკიანის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. სწორედ ამიტომ, თავად მინისტრის თქმით, გადაწყვიტა დაესახელებინა ის პირი, ვინც მასზე დასარტყმელად გაიწია.

„ამ თემას რადგან ასეთი გამოხმაურება მოჰყვა, გეტყვით, რომ ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი“, – განაცხადა მინისტრმა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, როგორც მინისტრს, ევალება ქართული კრივის ხელშეწყობა და მათ ეს ხელშეწყობა ექნებათ სამინისტროს მხრიდან, თუმცა ფედერაციის გვერდის ავლით.

„ინფორმაცია, რომ კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან ჩემდამი იყო რაიმე წინააღმდეგობა, არის სიცრუე. ჩვენ გვყავს მოკრივეები, რომლებიც ერთიმეორეზე ღირსეულები არიან თავიანთი ქცევით, არა მხოლოდ მიღწევებით, არამედ ქცევით. რაკი ამ თემამ ასეთი გამოხმაურება მიიღო, გეტყვით, რომ, კი ბატონო, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეს ქმედება ჩემს გონებასა ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ წელს იმხელა შედეგები აჩვენეს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ…

ვიპოვეთ გარკვეული ფორმა, რომ მაინც დავაფინანსოთ კრივი და არა კონკრეტული პირის ჯიბე, რომელმაც ვერ გაიგო, სად მუშაობს. ეს მისი გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ის ითხოვდა ფულს. როცა მიიღო პასუხი, რომ ეს ახლა შეუძლებელია, ვიმუშაოთ, გამოაგზავნეთ, რა გაქვთ საჭიროებები და ვიმსჯელებთ, მან გააგრძელა შეურაცხყოფა ჩემი მოადგილის… ეს არის შემდგარი ფაქტი, რომელსაც ესწრებოდა ათეულობით ადამიანი. …  მე ვარ პირნათელი… მე ხომ პარლამენტში მისვლამდე არ მისაუბრია ამაზე. არაერთი თვე გავიდა, რადგან ისევ და ისევ ვუფრთხილდებოდი რაღაცებს, რომ იქნებ ისე გავიდეს ეს ადამიანი აქედან, რომ დარჩება, როგორც ყოფილი ხელმძღვანელი, და არავის ეცოდინება დიდად, რა მოხდა…

არავინ არ უნდა გაჩერდეს. ყველა ქალმა უნდა თქვას, რომ ჩემი შეურაცხყოფა სცადა, ვინ სცადა, ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ამაზე და უნდა ვიცოდეთ, რომ დაგვჭირდება მტკიცება, რადგან აგრესორი იტყვის, რომ მე არა, გამომიწვიაო. ეს არის ქცევის მოდელი.

სხვათა შორის, ეს არის ადამიანი, რომელიც ჩვენ რომ ოპოზიციაში ვიყავით, კარალეთში, გომში და კიდევ სხვა ადგილებში თავს გვესხმოდა, რადგან ყოფილი სპორტის მინისტრი მას ზონდერად ამუშავებდა. მე არ ვიცი, ის თუ პოლიტიკური ნიშნით აპირებდა დარტყმას, მით უარესი, რადგან ეს მაშინ სხვა ტიპის დანაშაულია. დავანებოთ, ნუ გავართულებთ მის ისედაც მძიმე მდგომარეობას. ამ ადამიანმა თავის რეპუტაციას თვითონ არ მოუარა, ამიტომ ახლა საჯაროდ ალბათ უნდა გასცეს რაღაც კითხვებს პასუხი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.

თავად კრივის ფედერაციის დავით წიკლაური დაპირისპირებას ადასტურებს, მაგრამ ფიზიკური ძალადობის მცდელობას უარყოფს, ამ ბრალდებას „აბსურდულს“ უწოდებს და ამბობს, რომ „ეს მექანიზმი“ მის „მოსაშორებლად ამოქმედდა“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close