საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ქართული წყალბურთის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასასვლელად ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა.
ამ შეხვედრას ქართველებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები, პირველად ქართული წყალბურთის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურსაც ავტომატურად მოიპოვებდა.
მატჩის პირველი მეოთხედი ნიდერლანდების ნაკრების მცირე უპირატესობით წარიმართა – 3:2.
გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე მეოთხედი, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავად ჩაატარეს და 5:1 მოიგეს.
მესამე მეოთხედში ნიდერლანდელები გააქტიურდნენ და სხვაობის შემცირება ცადეს, მაგრამ საბოლოდ, ორივე გუნდმა თანაბარი შედეგი დააფიქსირა – 2:2 (9:6).
მეოთხე მეოთხედში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა – 12:8.
ჩვენმა ნაკრებმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი გასულ ევროპის ჩემპიონატზე 2020 წელს უნგრეთში დააფიქსირა, სადაც ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
1tv.ge
კომენტარები