ქართველები უცხოეთშისპორტი

„ის, რაც „ნაპოლის“ გვერდებზე ხდება, არის უკიდურესი სირცხვილი… არაჯანსაღი ამბიციაა პირველი მტერი ყველაფერი იმისა, რაც გვიყვარს და რასაც ვუფრთხილდებით“ – სპორტული ბლოგი

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ჩემპიონატის სერია „A“-ს მე-4 ტურის შეხვედრაში „ლეჩესთან“ (მატჩი დამთავრდა ანგარიშით 1:1) ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ 56-ე წუთიდან ათამაშა. როგორც ფეხბურთის სპეციალისტები ამბობენ, ამის მიზეზი მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო როტაციის აუცილებლობა იყო, თუმცა კვირას სათადარიგო სკამზე გადანაცვლებამ ზოგიერთი ქართველი გულშემატკივრუის გულისწყრომა გამოიწვია, რაც მათ მოურიდებლად გამოხატეს „ნაპოლის“ სოციალური მედიის გვერდებზე.

ფეისბუქგვერდი, ბლოგი ქართულ ფეხბურთზე, „ხიზანას თავური“ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ის, რაც მატჩის შემდეგ ხდება „ნაპოლის“ გვერდზე ქართველების მიერ, ეს არის დიდი სირცხვილი“:

„დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამ პოსტს ის ხალხი შეისმენს, ვისზეც ვწერ, მაგრამ ზოგადი სურათის წარმოჩენისთვის აუცილებლად უნდა ვთქვა. მესმის, რომ ყველა მონატრებულები ვართ ქართველი ფეხბურთელის კარგ გუნდში ყოფნას, მის გოლებს, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშს, მესამე პრესკონფერენციაზევე მწვრთნელის მხრიდან იმის ცოდნას, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი, ვინ იყო დავით აღმაშენებელი, როგორი გემრიელია ჩვენი ხინკალი და რა მაგარი მთები გვაქვს, ისეთი, როგორც არსად, არავის. ისიც მესმის, საიდან გაჩნდა და ჩნდება ასეთი მოთხოვნილებები და ვნებები, იმიტომ რომ საქართველოში, ძირითადად, ის ხალხია ითვლება წარმატებულად, ვინც ნორმალურ ქვეყენაში სახეზეც არავის ეცოდინებოდა, იმიტომ რომ დიდი და მნიშვნელოვანი, რეალური წარმატების გემო დიდი ხანია დაკარგული გვავქს, ცალკეულ გამონათებებს თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა სფეროებში. მაგრამ, მაგრამ…

ის, რაც „ნაპოლის“ სოციალური მედიის გვერდებზე ხდება, ან რაც ხდებოდა გიორგი მამარდაშვილზე „ვალენსიას“ შემთხვევაში, როგორც კი ორი თამაში სკამზე გადასვეს, არის უკიდურესი სირცხვილი, რომელიც არა მხოლოდ მათ წარმოაჩენს ცუდად, ვინც ამას აკეთებს, არამედ, პირველ რიგში, კვარას, მამარდას და იმ საზოგადოებას, რომლის ნაწილიც ეს ბიჭებიც არიან. სეზონში „ნაპოლის“ დონის გუნდები 50-60 მატჩს ატარებენ, თამაშობენ მინიმუმ სამ ტურნირზე და როგორ წარმოგიდგენიათ, ახალწვეული, რომელიც ჯერ ბოლომდე მზად არ არის ფიზიკურად იმ დატვირთვებისთვის, რაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჩემპიონატშია, ითამაშებს გადაბმულად და შეუცვლელად ყველა თამაშს? ასეთი რამ რონალდუს, კარიერის პიკში მყოფ დელ პიეროს და ტოტის შემთხვევაშიც არ მომხდარა, როგორ მოხდება ხვიჩას შემთხვევაში?

ფიზიკურ დატვირთვას რომ თავი დავანებოთ, ახალ გარემოშია, ქვეყანაში, ქალაქში, სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში, ვერ საუბრობს იტალიურად, აქვს ბევრი საფიქრალი, როგორ წარმოაჩინოს თავი და, რა თქმა უნდა, არცერთხელ მას მწვრთნელი სკამზე პირადი გასაუბრების და ახსნა-განმარტების გარეშე არ დასვამს. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ხვიჩასნაირ ფეხბურთელთან დაკავშირებით, მიიღება მხოლოდ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, რომ გადაღლილობის გამო ტრავმა არ მიიღოს, ან დაასვენოს უფრო მნიშვნელოვანი შემდგომი მატჩებისთვის, რომელიც „ნაპოლის“ აქვს ჯერ „ლაციოსთან“, შემდეგ „ლივერპულთან“.

ამიტომ, ეს ვიშვიში და სოციალური ქსელების აკლება, წარმოგვაჩენს პაპუასებად, დღევანდელ რეალობასთან აცდენილ საზოგადოებად და, რაც ყველაზე ცუდია, ფეხბურთის საერთოდ არმცოდნე მასად, რომელიც ვერც თანამედროვე დატვირთვებს და კალენდარს აფასებს და ვერც იმას, რომ ხვიჩა უკვე სხვა გარემოშია, ქართული და რუსული გუნდების წინააღმდეგ აღარ თამაშობს.

ისიც მესმის, რომ ემოციების ხალხი ვართ, სამ კვირაში ყვეალაფერი გვბეზრდება და უკვე „ვალენსიაც“ აღარ მიგვაჩნია მამარდას დონის გუნდად, უკვე გვინდა „მანჩესტერში“ იყოს, არადა ცოტა ხნის წინ თელავთან, სამგურალთან და სხვა ქართულ გუნდებთან თამაშობდა. ზურიკოსთვის „ბორდო“ არ მოგვწონს, რომელიც ხან „როტორში“ თამაშობდა და ხან „ურალში“ და ამასობაში ჩვენ ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ, ან ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად, ან როგორც თუნდაც მხოლოდ საფეხბურთო საზოგადოება, ამაზე გვიფიქრია? არაბუნებრივი და არაჯანსაღი ამბიციაა პირველი მტერი, ყველაფერი იმისა, რაც გვიყვარს და რასაც ვუფრთხილდებით“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close