მიგრაციაქართველები უცხოეთში

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ რეკორდულ რიცხვს მიაღწია

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველ ნახევარში, რეკორდულადაა გაზრდილი საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რაოდენობა. ეს მონაცემი EUAA-ს 2022 წლის პირველი ნახევრის ერთ-ერთ „მთავარ მიგნებად“ დასახელდა, თუმცა საქართველო გასული წლის მიწურულსაც იმ ქვეყნების ათეულში იყო, რომელთა მოქალაქეებმაც ყველაზე მეტი თავშესაფარი ითხოვეს ევროკავშირის ქვეყნებში.

მისცემს საფრანგეთი ლელას და მის შვილებს თავშესაფარს?

43 წლის ლელა ცისკარიშვილი 13 ივლისს ჩაფრინდა საფრანგეთში. არასრულწლოვან შვილებთან ერთად საქართველოდან წასვლისა და თავშესაფრის თხოვნის გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო. სამშობლოში ვერც ფინანსურ პრობლემებს გაუმკლავდა და ვერც იმ პრობლემებს, რომლებზე ლაპარაკიც ჯერჯერობით საჯაროდ არ სურს.

ლელა ცისკარიშვილი შვილთან ერთად

„შეიძლება ითქვას, რომ ერთ ზურგჩანთაში ჩაეტია ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრება. საქართველოში არა თუ ჩემს, ჩემი შვილების პერსპექტივასაც ვეღარ ვხედავდი. ამოვწურე ყველა რესურსი, რისი გაკეთებაც შემეძლო. უკანასკნელ წლებში, მას შემდეგ, რაც სამსახურის გარეშე დავრჩი, მუდმივად ვეძებდი შემოსავლის წყაროს. ნებისმიერ სამსახურზე ვიყავი თანახმა. არ მეთაკილება არანაირი შრომა. უბრალოდ, უნდა გიღირდეს ადამიანს ორი მოზარდის მთელი დღით მარტო დატოვება. ამისათვის შესაბამისი ანაზღაურება უნდა გქონდეს, რომ ეს დანაკლისი სხვა რამით ჩაანაცვლო, მაგრამ მე ეს არ გამომივიდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ გამომივიდა“.

საფრანგეთში ჩასვლისთანავე ლელამ თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრს მიაკითხა. დედა ორ შვილთან ერთად დროებით საცხოვრებლში დააბინავეს და პირველადი მოხმარების ნივთები მისცეს. ახლა ის პარიზში გასაუბრებას ელოდება, რომლის შემდეგაც უნდა გადაწყდეს, მისცემს თუ არა საფრანგეთი საქართველოდან წასულებს ოფიციალურ თავშესაფარს და მიანიჭებს თუ არა მათ ლტოლვილის სტატუსს:

„ამ ეტაპზე, თვითონ ქვეყანა მაძლევს ყველაფერს, რაც მჭირდება. არანაირი გეგმა არ მქონდა ჩამოსვლისას. უბრალოდ ჩამოვედი და რამდენიმე ინსტანციის გავლის შემდეგ მომხედეს. ცოტა რთული გზაა, ცოტა მტკივნეული, მაგრამ მერე და მერე, ნელ-ნელა იაზრებ, რომ ეს ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირებულებები, რომლებიც უნდა გააჩნდეს ადამიანს, დაიცვას. ახლა ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს და ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს, თუმცა წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. თავშესაფრის მოთხოვნაზე დოსიე გაგზავნილია და ახლა ველოდები, როდის დამიბარებენ გასაუბრებაზე. ამის შემდეგ, 21 დღის განმავლობაში, უკვე მივიღებ პასუხს, მომცემენ თუ არა საბოლოო თავშესაფარს და სტატუსს. აქ აბსოლუტურად ყველაფერი მორგებულია შენზე და შენს საჭიროებაზე, მით უმეტეს, მაშინ, როცა მარტოხელა დედა ხარ. ფსიქოლოგიური დახმარებაც თავად შემომთავაზეს. ყველაფერს ცდილობენ, რომ თავი იგრძნო ადამიანად. თუკი დამტოვეს, შემდეგ თვითონვე შემომთავაზებენ სამსახურს, ენის შემსწავლელ კურსებს. ბავშვებისთვის სკოლა უკვე მოძებნეს. სიმართლე გითხრათ, ცოტა მერიდება კიდეც, იმდენს აკეთებს ეს სახელმწიფო ჩემთვის. ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია ამის რესურსი თუ სურვილი“.

რატომ და რომელ ქვეყნებში მიდიან საქართველოს მოქალაქეები?

ამ მონაცემების თანახმად, ლელა ცისკარიშვილის მსგავსად, ყოველი მეხუთე განმცხადებელი თავშესაფრის თხოვნით საფრანგეთს მიმართავს. საფრანგეთის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრს ითხოვენ გერმანიასა და იტალიაში. EUAA-ს გამოკვლევაში ვკითხულობთ იმასაც, რომ ათიდან ცხრა აპლიკანტი თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადს პირველად ავსებს.

აღმოჩნდა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, აპლიკაციის წარდგენისას, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მთავარ ფაქტორად იქცა. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 390-მა მოქალაქემ მიიღო ევროკავშირში დროებითი დაცვის სტატუსი. ეს სპეციალური სტატუსი ენიჭებათ მათ, ვინც ქვეყანა სწორედ უკრაინაში დაწყებული ომის გამო დატოვა.

2022 წლის პირველ ოთხ თვეში ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 8 075-მა მოქალაქემ დაწერა განცხადება, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მონაცემი 183%-ითაა გაზრდილი. 2021 წლის პირველ ოთხ თვეში თავშესაფრის მიღების სურვილი 2 855-მა მოქალაქემ გამოთქვა.

2022 წლის პირველ კვარტალში საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა საქართველოს 2 725-მა მოქალაქემ, გერმანიას – 2 455-მა, იტალიას – 1 100-მა.

ამავე პერიოდში, საქართველოს 80 მოქალაქეს მიენიჭა ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსი, 35-ს დაენიშნა სუბსიდირებული დაცვა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლტოლვილის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების რაოდენობა 23%-ითაა გაზრდილი.

ვინ ეძებს თავშესაფარს ევროკავშირში?

 

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close