საზოგადოებასაქართველო

ერთმა რუსმა „ტურისტმა“ მკითხა: „სად დაკარგეთ ქართველებმა თქვენი სანაქებო სტუმართმოყვარეობა?“ – მე ვუპასუხე…

რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად სასურველი სტუმრები ხდებიან ევროკავშირში და ისინი სხვა ქვეყნებში გამგზავრებას ცდილობენ – საქართველოა ერთ-ერთი, სადაც მათ ხელსაყრელი პირობები ხვდებათ, საქართველოში შემოსვლა და ცხოვრება საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია.

უნდა იყოს კი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქის ცხოვრება „მარტივი და მოსახერხებელი“ საქართველოში? – ამ კითხვაზე პასუხი ყველას თავისი აქვს: მოქალაქეთა და ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს, პასუხად მმართველი გუნდი ახსენებს ოპონენტებს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის თებერვლში სწორედ წინა ხელისუფლებამ გააუქმა, რომელიც ამბობდა, რომ „რუსულ ფულს სუნი არ ასდის“.

სანამ რუსი ტურისტების „ყოფნა-არ ყოფნის“ საკითხი პოლიტიკურად დარეგულირდება, ბარ-კაფეებსა და მაღაზიებში რუსები გაღიზიანებული ქართველებისგან კეთილგანწყობას ზოგჯერ დაჟინებითაც კი ითხოვენ და სტუმართმოყვარეობას გვიწუნებენ.

ერთ-ერთ ასეთ რუსს „ტურისტს“ სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ადვოკატმა იოსებ შველიძემ ასეთი პასუხი გასცა:

„ერთმა რუსმა „ტურისტმა“ მკითხა: – სად დაკარგეთ ქართველებმა თქვენი სანაქებო სტუმართმოყვარეობაო? მე ვუპასუხე: – რაღაც ნაწილი 1801 წლის ანექსიას ემსხვერპლა, ნაწილი იმ საღებავში გაერია, რომლითაც ქართული ეკლესიები შეღებეთ, ნაწილი იმ ქართულ საგანძურს გაყვა, რომელიც რუსეთში გაიტანეთ, რაღაცა ძალით გარუსებულმა ქართველებმა წაიღეს, რაღაცა იმ ციხესიმაგრეების ნანგრევებში მოყვა, რომელიც თქვენ საქართველოში დაანგრიეთ, რაღაცა მარცვალი ქართველმა იუნკრებმა წაიღეს, ზოგი სტალინისა და ორჯონიკიძის ულვაშებმა შთანთქა, რაღაცა იმ ტერიტორიებზე დარჩა, რომელიც თქვენ საკუთარ თავსა და მეზობლებს დაურიგეთ, რაღაცა იმ დენთმა დაწვა, რომელიც „შინსახკომის“ ტყვიაში იყო, ნაწილი საქართველოდან თქვენს მიერ ძალით გადასახლებულმა ქართველებმა წაიღეს, ნაწილი ქართული ენისათვის ბრძოლაში გაცვდა, რაღაცა ფეხოსანთა ალესილ ნიჩბებს გაყვა, რაღაცა თქვენს მიერ დაფინანსებულმა პუტჩისტებმა წამართვეს, რაღაცა სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირის, ცხინვალის, თამარაშენისა და კეხვის ნანგრევებში დაიმარხა, ცოტა გურამ გაბესკირიას, ჟიული შარტავას და ათასობით ქართველს დავაყარე გულზე, რომელნიც თქვენს წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცნენ, ნაწილი იმ ქართველებმა გათელეს, რომლებიც თქვენს მიერ მოწყობილ ეთნოწმენდას გამოექცა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ნაწილი თქვენს მიერ დანგრეული ეკლესიების ლოდებმა იმსხვერპლა, ნაწილი იმ თვითმფრინავს გაყვა უკან, რომლითაც თქვენ ქართველები ნახირივით ჩამორეკეთ საქართველოში, ნაწილი დამენიას, ანწუხელიძეს, შინდისელ ბიჭებსა და სხვა ვაჟკაცებს ჩავაყოლე საფლავში. შენს მიმართ მარტო ბრაზი და ტკივილი დამრჩა. სანამ ეს ბრაზი გაღვივებულა, ჯობია გამეცალო და სახლში წახვიდე ან იმ მიმართულებით გაემგზავრო, საითკენაც დადის ნებისმიერი რუსული ტრანსპორტი, განსაკუთრებით გემები…“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში რუსეთის 156 737 მოქალაქე ჩამოვიდა და 2021 წლის ივლისთან შედარებით ზრდამ 525% შეადგინა, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან – 2019 წლის ივლისთან შედარებით წელს ანალოგიურ პერიოდში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 1,46%-ით შემცირდა – 2019 წლის ივლისში საქართველოს რუსეთის 159 063 მოქალაქე ეწვია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close