ჯანმრთელობარჩევები

ნუ ეხუმრებით მზეს! – ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

მზის სხივების ზემოქმედების შედეგად კანის უჯრედოვან ელემენტთა სიცოცხლისუნარიანობა რომ იზრდება და გაცილებით ელასტიკური ხდება, ყველასათვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ  მზის აბაზანების მიღებას მკაცრად განსაზღვრული რეჟიმი და დოზირება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კანი გამოშრეს, გაუარესდეს ძილი და მადა, თავი იჩინოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ, მოიშალოს იმუნური სისტემა. ამიტომ შეგახსენებთ რამდენიმე საჭირო ინფორმაციას, რომლებიც მთელი ზაფხულის მანძილზე აუცილებლად გამოგადგებათ.

  • მზის აბაზანების მიღება საკვების მიღებიდან 1-1,5 საათის შემდეგ შეიძლება.
  • გარუჯვისთვის საუკეთესო დრო დილის ცხრა საათიდან თერთმეტ საათამდეა. არასასურველია მზის გულზე ყოფნა შუადღისას (12-14 სთ), როდესაც მზე საკმაოდ ძლიერ ზემოქმედებას ახდენს კანზე.
  • მზის აბაზანების მიღებისას სასურველია, რომ ყოველი 40 წუთის შემდეგ ჩრდილს შეეფაროთ.
  • გაცილებით უფრო თანაბრად და ლამაზად გაირუჯებით, თუ მზეზე წოლის ნაცვლად იმოძრავებთ.
  • მზეზე ძილი კატეგორიულად არ შეიძლება.
  • ნუ დაივიწყებთ, რომ გარუჯვისათვის განკუთვნილი კრემების მოქმედება მხოლოდ 2-3 საათის მანძილზე გრძელდება.
  • განსაკუთრებით კარგად გაირუჯებით, თუ კანზე ნიგვზის ზეთს გადაისვამთ.
  • თქვენი კანი თანაბრად და შოკოლადისფრად გაირუჯება, თუ დილით და საღამოს სახეზე ორ სუფრის კოვზი სტაფილოს წვენისა და 1 სუფრის კოვზი გლიცერინის ნარევს გადაისვამთ.
  • ასევე ეფექტიანია შემდეგი საშუალება: ერთ ჩაის კოვზ ჩაის დაასხით 50 მლ წყალი, ადუღეთ 2-3 წუთი, გაფილტრეთ ჯერ კიდევ თბილი და ამ ხსნარით გაიწმინდეთ სახე ყოველ დილა-საღამოს. ოთახის ტემპერატურაზე ნაყენის შენახვა ერთი დღე-ღამე შეიძლება, მაცივარში – ორი დღე- ღამე.

თუ გარუჯვა არ გსურთ, შეგიძლიათ კანი შემდეგი საშუალებებით დაიცვათ:

  • საღამოს ცივ წყალში ჩააგდეთ რამდენიმე ნაჭერი ლიმონი, მეორე დღეს კი სწორედ ამ ლიმონიანი წყლით დაიბანეთ სახე, მკლავები, ყელი…
  • გაჭერით კიტრი, ამოჭერით თესლიანი ნაწილი, დაასხით არაყი ან სპირტი (პროპორცია 1:10), დააყენეთ ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ გაფილტრეთ და გამოყენების წინ გაურიეთ წყალი ამავე პროპორციით. ამ ლოსიონით სახე ყოველდღე – დილას და საღამოს უნდა გაიწმინდოთ. აღსანიშნავია, რომ ეს საშუალება გარუჯვის გარდა ჭორფლისგანაც დაგიცავთ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ მზის დამწვრობა მიიღეთ და კანი გეწვით:

  • კომშის თესლს დაასხით ანადუღარი წყალი პროპორციით 1:50, ანჯღრიეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გაფილტრეთ დოლბანდის დახმარებით. მიღებული ლორწოვანი ნაყენი გადაისვით დამწვარ ადგილებზე, პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ ზედიზედ, 10-15 წუთის ინტერვალით, დილას და საღამოს.
  • კიტრის და საზამთროს წვენის თანაბარი რაოდენობა აურიეთ კარგად და გადაისვით დამწვარ ადგილებზე.
  • ალოეს წვენს დაასხით იმავე რაოდენობის ანადუღარი წყალი. მიღებულ ნაყენში დაასველეთ რბილი ნაჭერი და დაიფინეთ დამწვარ ადგილებზე. კომპრესები ცვალეთ 10-15 წუთში ერთხელ, ე.ი. გაშრობისთანავე. პროცედურა ერთ საათს გრძელდება.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close