ევროპაში მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებული პირველი ორი მსხვერპლი ესპანეთში დადასტურდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივლისს დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების მეორე შემთხვევა ევროპაში. სულ აფრიკის კონტინენტის გარეთ ამჟამინდელი ეპიდემიის დროს გარდაცვალების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული – პირველი პაციენტი ბრაზილიაში გარდაიცვალა.
ქვეყანაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ ესპანეთმა პარასკევს, 29 ივლისს განაცხადა, მალევე მას შემდეგ, რაც ბრაზილიამ დაადასტურა მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შეთხვევა ქვეყანაში, რომელიც, აგრეთვე, იყო პირველი შემთხვევვა მსოფლიოში აფრიკის კონტინენტის გარეთ.
პირველი ესპანელი (და ევროპელი) პაციენტი ვალენსიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში გარდაიცვალა მაიმუნის ყვავილის ინფექციით გამოწვეული გართულებით – ენცეფალიტით (თავის ტვინის ანთება). ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება ჯანდაცვის რეგიონული დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შაბათს გაკეთებულ მოხსენებაში კი ნათქვამია, რომ ქვეყანაში ინფიცირების 4 298 შემთხვევაა დადასტურებული. 3 750 პაციენტიდან, რომელთა შესახებაც უწყებას აქვს ინფორმაცია, ჰოსპიტალიზებული იყო 120 ადამიანი, ანუ 3,2%, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, მხოლოდ აზუსტებს, რომ ორივე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია და კვლევები მიმდინარეობს ორივე ფაქტზე მეტი „ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის“ მისაღებად.
ივლისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით „გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. ორგანიზაციის ცნობით, გლობალურად ვირუსის გავრცელების რისკი – საშუალო, ევროპაში კი მაღალია. მაისის დასაწყისიდან გამოვლენილი შემთხვევების 70% სწორედ ევროპაზე მოდის და ესპანეთში ამ მხრივ ყველაზე რთული სიტუაციაა.
22 ივლისის მოხსენებაში ჯანმო იუწყებოდა, რომ ამ ახალი ეპიდემიის დროს მსოფლიოში დაფიქსირებული იყო მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების 5 შემთხვევა და ყველა მათგანი – აფრიკის რეგიონში, სადაც მაიმუნის ყვავილი პირველად 1970 წელს გამოჩნდა და ენდემურ დაავადებად მიიჩნეოდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები