ისრაელსა და საქართველოს შორის ახალი ავიარეისი დაინიშნა
ისრაელსა და საქართველოს შორის ახალი ავიარეისი დაინიშნა. ისრაელური ავიაკომპანია Arkia მრავალჯერად ჩარტერულ ფრენას ეილათი – ბათუმი – ეილათის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Arkia-ს მიერ წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები ეილათსა და ბათუმს შორის 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 25 ივლისს მიანიჭა.
ისრაელსა და საქართველოს შორის ახალი ავიარეისის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გასულ კვირას შევძელით ისრაელსა და საქართველოს შორის ყოველკვირეული ფრენების სიხშირის 35-დან 42 ფრენამდე გაზრდა.
მადლობა ჩვენს ეკონომიკის სამინისტროს, ავიაციის სააგენტოს და ტურიზმის ადმინისტრაციის ფანტასტიკურ გუნდს, ასევე, ისრაელელ კოლეგებს – საოცრად ეფექტური თანამშრომლობისთვის.
ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის ზრდა ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდ ინტერესზე მიუთითებს, რაც პირველ რიგში, უსაფრთხო, კარგი, სასიამოვნო გარემოს არსებობიდან გამომდინარეობს.
წარმატებები საქართველოს და ისრაელის ავიაკომპანიებს“, – წერს ლაშა ჟვანია საკუთარ FB გვერდზე.
კომენტარები