იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობას ტოვებს პოლიტიკური კრიზისის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი ცოტა ხნის წინ კვირინალეს საპრეზიდენტო სასახლეში მივიდა, რათა თავისი მანდატი პრეზიდენტ მატარელასთვის გადაეცა.
მარიო დრაგიმ თავისი გადადგომის შესახებ მინისტრთა საბჭოზე განაცხადა.
მედიის ცნობით, დრაგის მთავრობა სენატში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, თუმცა მისი მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს მეთაურობით ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.
„ან იქნება სწორი პასუხები, ან არავინ მიიღებს M5s-ის ხმებს“, – განაცხადა ჯუზეპე კონტემ.
მედიის ცნობით, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ბოიკოტი ენერგეტიკის ფასების მკვეთრი ზრდის შესახებ შეღავათების კანონპროექტთან წინააღმდეგობას უკავშირდება.
მთავრობისადმი ნდობის ვოტუმის კენჭისყრაზე დრაგიმ 172 ხმა მიიღო, 39-ის წინააღმდეგ, მაგრამ სამთავრობო კოალიციაში მთავარი პარტიის, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ბოიკოტი აშკარა საფრთხეს წარმოადგენს მისი მთავრობისთვის, რის გამოც მოქმედმა პრემიერმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
„მე მივდივარ პოსტიდან. არ არსებობს პირობები პროგრამის რეალიზაციისთვის“, – განაცხადა მარიო დრაგიმ მინისტრთა საბჭოზე.
ნინო ხოშტარია
კომენტარები