მიგრაციამსოფლიო

გერმანიის მთავრობამ საიმიგრაციო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა

ფედერალური მთავრობის მიერ მიღებული შესწორებები მიგრაციის კანონმდებლობაში უცხოელებს, რომელთა თხოვნა პოლიტიკურ თავშესაფარზე უარყოფილ იქნა, გერმანიაში ცხოვრების უფლებას აძლევს

გერმანიის მთავრობამ ოთხშაბათს, 6 ივლისს მიიღო შესწორებები მიგრაციულ კანონმდებლობაში. კანონპროექტი უცხოელებს, რომლებსაც პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრეს და რომელთა ქვეყნიდან დეპორტაცია გადაიდო ჰუმანიტარული მოსაზრებებით, შესაძლებლობას აძლევს, მუდმივად იმყოფებოდნენ გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში და მიიღონ ცხოვრების უფლება. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ძირითადად, ეს შესწორებები ეხება იმ იმიგრანტებს, რომლებიც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გერმანიაში სულ ცოტა 5 წელი ცხოვრობენ, არ ჩაუდენიათ სისხლის სამართლის დანაშაული და იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს. გერმანიის საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირებულ მოზარდებისა და 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის კი 5 წლის ნაცვლად 3-წლიანი ცხოვრების ვადა განისაზღვრა.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც ე. წ, „შუქნიშნის კოალიციამ“ (მის შემადგენლობაში შედის გერმანიის დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატიული პარტია და პარტია „კავშირი 90/მწვანეები“) წარმოადგინა, ზემოაღნიშნული კატეგორიის უცხოელებს გერმანიაში „მუდმივად ყოფნის შანსს“ მისცემენ ერთი წლის ვადით. ამ ერთი წლის განმავლობაში კი მათ უნდა შეასრულონ გერმანიაში ცხოვრების უფლების მისაღებად საჭირო ყველა წინაპირობა, უწინარეს ყოვლისა, საკმარისად კარგად უნდა ფლობდნენ გერმანულ ენას და არ იყვნენ დამოკიდებულნი სახელმწიფოს მატერიალურ დახმარებაზე.

„დაახლოებით 135 ათასი ადამიანისთვის ეს იქნება გერმანიაში ხიდი უკეთესი ცხოვრებისა და უფრო მეტი  ადამიანურობისკენ უნდობლობის ნაცვლად – კანონში უცხოელების ყოფნის შესახებ“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ინიციატივასთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის უფლებამოსილმა პირმა ინტეგრაციის საკითხებში რეემ ალაბალი-რადოვანმა.

იმისათვის, რომ შესწორებები ძალაში შევიდეს, დოკუმენტი გერმანიის ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს.

ამას გარდა, ფედერალური მთავრობა აპირებს, შეამსუბუქოს იმიგრაციის პირობები კვალიფიციური უცხოელი მუშახელისთვის, მათ შორის, IT-სფეროში, აგრეთვე, გააუმჯობესოს პირობები ოჯახების გაერთიანებისთვის და გააფართოოს ენის და ინტეგრაციის კურსების პროგრამები.

ამ შესწორებების მიღებამდე რამდენიმე ხნით ადრე ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მოუწოდა გერმანიის მთავრობას, გაამარტივოს ვიზების გაცემა დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იძულებულნი გახდნენ, საკუთარი ქვეყნიდან წასულიყვნენ. თითქმის იმავდროულად მთავრობამ ბერლინში 70 რუსი დისიდენტისთვის ვიზის გაცემა დაამტკიცა. ამას გარდა, ომის დაწყების შემდეგ გერმანიამ ათასობით უკრაინელი დევნილი მიიღო გამარტივებული პროცედურით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close