მსოფლიოეკონომიკა

ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის ივნისში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს.

ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ენერგორესურსების 40%-ით გაძვირება და სურსათის ფასების თითქმის 10%-ით ზრდაა.

ინფლაციის საპასუხოდ, არსებული პროგნოზით, მიმდინარე თვეში ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. სავარაუდოდ, ECB რეფინანსირების ძირითად განაკვეთს -0.5%-იანი ნიშნულიდან 0%-მდე გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკი – Morgan Stanley მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან ევროზონაში რეცესიის განვითარებას ანუ ეკონომიკის შემცირებას პროგნოზირებს.

ბანკის უფროსი ანალიტიკოსების შეფასებით, რეცესია შედარებით მსუბუქი ფორმებით განვითარდება და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემცირება მხოლოდ ორი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც რეცესიად კვალიფიცირებისთვის აუცილებელი მინიმალური პერიოდია.

Morgan Stanley-ს მიერ წარმოდგენილი განახლებული პროგნოზის თანახმად, რეცესია, უმეტესწილად, რუსეთის მიერ გაზისა და ნავთობის მიწოდების შეზღუდვით იქნება განპირობებული, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი 2022 წელს რეცესიას არ პროგნოზირებს. ECB-ის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ამჟამინდელი მონაცემების გათვალისწინებით, რეცესიის განვითარების რისკები ჯერაც დაბალია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ECB მზად არის, სწრაფად იმოქმედოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.

ECB-ის პროგნოზით, 2022 წელს ევროზონის ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება, ხოლო 2023 წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება ფასების ზრდის დონეს, ცენტრალური ბანკის ვარაუდით, 2022 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 6.8%-იან ნიშნულამდე შემცირდება, ხოლო 2023 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 3.5%-ის ფარგლებში იქნება.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close