პირველი ივნისიდან გერმანიაში გამარტივებული წესით შესვლა საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ
გერმანიაში შესვლისთვის ხვალიდან, პირველი ივნისიდან საჭირო აღარ არის არც აცრის სერტიფიკატი, არც ტესტის უარყოფითი პასუხი და არც კოვიდინფექციის გადატანის ცნობა; ვაქცინაციის სერტიფიკატი მოეთხოვებათ მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს. სადაც კორონავირუსის მუტაცია მოხდა – საქართველო ამ ქვეყნების სიაში არ არის, შესაბამისად, გამარტივებული წესი საქართველოს მოქალაქეებზეც ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„გერმანიაში შესვლის გამარტივებული კორონა-რეგულაციები პირველი ივნისიდან:
- გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა;
- გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან „ომიკრონი“ უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს;
- ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით. საქართველო არ შედის ამ ქვეყნების სიაში“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ : https://bit.ly/3NALqeC
შესაბამისი დადგენილება ქვეყნის მთავრობამ 25 მაისს მიიღო და ძალაში ხვალ, პირველ ივნისს შედის. აქამდე, 3G წესის თანახმად, გერმანიაში შემსვლელ 12 წელზე მეტი ასაკის ადამიანს უნდა ჰქონოდა ან აცრის სერტიფიკატი, ან დაავადების გადატანის ცნობა, ან ბოლო 24 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი.
ამასთან, ახალი დადგენილების თანახმად, გერმანია ქვეყანაში შემსვლელების შემთხვევაში აღიარებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას არა მარტო ევროკავშირში ავტორიზებული პრეპარატებით, არამედ იმ ვაქცინებითაც, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული.
ნინო ხოშტარია
კომენტარები