მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთი მზადაა, „აზოვის“ მებრძოლების გაცვლაზე მოლაპარაკებები გამართოს, თუმცა მხოლოდ მათი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ

მოსკოვი მზადაა, კიევთან მოლაპარაკებები აწარმოოს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მხოლოდ სასამართლოს მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეებისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ. ამის შესახებ ТАСС-ი წერს ოთხშაბათს, 25 მაისს.

„ყველა საკითხი განხილული იქნება მას შემდეგ, რაც ტყვედ ჩაბარებულებს შესაბამისი წესით გაასამართლებენ და განაჩენს გამოუტანენ. მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება სხვა ნაბიჯების გადადგმა. მანამდე საუბარი გაცვლაზე ნაადრევია“, – ამბობს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას სიტყვებზე, რომ არ გამორიცხავენ უკრაინაში სამხედრო დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირველი რუსი ჯარისკაცის გაცვლას. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ვადიმ შიშიმარინს სუმის ოლქში მშვიდობიანი უიარაღო მოქალაქის, 62 წლის ალექსანდრ შეპილოვის მკვლელობისა და სამხედრო დანაშაულისთვის კიევის რაიონულმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

„შესაძლებელია ადამიანის გაცვლა განაჩენის გამოტანის შემდეგ. დიახ, ტექნიკურად ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ვენედიქტოვამ სატელევიზიო ეთერში 24 მაისს. 

შეგახსენებთ,, რომ გასულ კვირაში რუსებმა ტყვედ აიყვანეს უკრაინელი სამხედროები, რომლებიც 2 თვეზე მეტხანს იყვნენ გამაგრებულები მარიუპოლის მეტალურგიულ კომბინატ „აზოვსტალში“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დატყვევებული ჰყავთ თითქმის 2500 უკრაინელი სამხედრო. მედიის ინფორმაციით, ისინი თვითაღიარებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე გაიყვანეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close