სპორტი

ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი, მსოფლიო ლიდერი ლაშა ტალახაძე ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსანი მამაკაცი გახდა – ასეთი „ვერდიქტი“ გამოიტანეს გულშემატკივრებმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვისას –  მამაკაცთა შორის ხმათა უმრავლესობა სწორედ ქართველ გიგანტს ერგო. ქალთა შორის კი გულშემატკივრებმა ევროპის საუკეთესო ძალოსნად რუმინელი ტომა ლორედანა დაასახელეს.

ლაშა ტალახაძეს ჯილდო ევროპის ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე გადაეცემა. კონტინენტის პირველობა ალბანეთში 28 მაისს დაიწყება და 5 ივნისამდე გასტანს.

2021 წელს ლაშა ტალახაძემ ყველაფერი მოიგო, რის მოგებაც კი შეიძლებოდა – გახდა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდები გააუმჯობესა. ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწორუპოვარი ლიდერია. მაშინ NBC news-ი ქართველი ძალოსნის ტრიუმფს ასე გამოეხმაურა:

„ქართველმა ლაშა ტალახაძემ დღეს ტოკიოს ოლიმპიადაზე ასწია იმაზე მეტი (488 კგ – რედ.), ვიდრე ვინმეს ოდესმე აუწევია. ეს მოხდა გიგანტი კაცების შეჯიბრში, +109 კგ კატეგორიაში.

… დღევანდელი ასპარეზობის შემდეგ დარჩა მხოლოდ ერთადერთი შეკითხვა – როდის გადააბიჯებს 500-კილოგრამიან ზღვარს 27 წლის დიდი ქართველი?“

28 წლის ძალოსანი ლაშა ტალახაძე დღეისათვის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენია – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი. ალბათ ეჭვიც არავის ეპარება, რომ იგი ალბანეთში მეექვსედ მოიპოვებს ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close