მსოფლიოპოლიტიკა

ფინეთმა და შვედეთმა ოფიციალურად წარადგინეს ნატოში გაწევრიანების განაცხადი

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს. ნატოში შვედეთის ელჩმა აქსელ ვერნოფმა და ფინეთის ელჩმა კლაუს კორჰონენმა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს თავიანთი ქვეყნების ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადები  დღეს დილით გადასცეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში.

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიესალმება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადებს.

„ეს არის ძალიან კარგი დღე ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულ მომენტში. მადლობა ფინეთსა და შვედეთს ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადების გადმოცემისთვის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა. თქვენ, ორივე ქვეყანამ გააკეთეთ თქვენი არჩევანი, დემოკრატიული პროცესების თანმიმდევრულად და მე მივესალმები ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს. თქვენ ხართ ჩვენი ახლო პარტნიორები, ნატოში თქვენი წევრობა ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გააძლიერებს. თქვენი დღევანდელი განაცხადები ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განსაზღვრავენ თქვენი გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ამის შესახებ ტვიტერზეც დაწერა და ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილებას „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა – ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. თუ შვედეთში მანამ ნატოს წევრობას მოსახლეობის 20%-მდე ემხრობოდა, ამჟამად ეს მაჩვენებელი 80%-მდეა (შეგახსენებთ, რომ შვედეთი ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არცერთ სამხედრო ალიანსში არ ყოფილა), ხოლო თუ ფინეთში ნატოს წევრობას მნოქალაქეთა თითქმის ნახევარი ეწინააღმდეგებოდა, ახლა მომხრეთა რიცხვი 75%-ზე მეტია.

ალიანსში ამ ორი ქვეყნის მიღებას ნატოს 30-ივე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება – ალიანსის შემდეგ გადაწყვეტილების რატიფიცირება უნდა მოახდინოს 30-ვე ქვეყნის პარლამენტმა. ამ გზაზე დროებითი დაბრკოლება შესაძლოა გახდეს თურქეთი, რომელსაც ფინეთისა და შვედეთის მიმართ პრეტენზია აქვს ქურთების გასამხედროებული დაჯგუფებებისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამო, რომლებსაც ანკარა ტერორისტულებად მიიჩნევს.

დღეს აშშ-ის კონგრესში განაცხადეს, რომ პირველები იქნებიან მათგან, ვინც ამ ორი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის გადაწყვეტილების რატიფიცირებას მოახდენს.

ამ პროცესის დასრულებას, დაჩქარებული პროცედურის პირობებში, სავარაუდოდ, თვე-ნახევარი დასჭირდება.

რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვის ოფიციალური პოზიცია, რომელიც, მათ შორის, თავად პუტინმაც გაახმოვანა, არის, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის არ წარმოადგენს „ეგზისტენციალურ საფრთხეს“, რადგან ამ ქვეყნებთან ურთიერთობებში „რუსეთს პრობლემა არ აქვს“, თუმცა კრემლი აცხადებს, რომ ნატოს ინფრასტრუქტურის გაფართოების შესაბამის ზომებს მიიღებს. ერთ-ერთი „შესაბამისი ზომა“, როგორც ჩანს, უკვე მიიღეს და ფინეთი „დასაჯეს“ – 14 მაისიდან რუსეთმა მას ელექტრომომარაგება შეუწყვიტა, თუმცა ფინეთში აცხადებენ, რომ ეს მათ პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ქვეყნისთვის საჭირო ელექტროენერგიის მხოლოდ 10%-ს იღებდნენ რუსეთიდან და ამ დანაკლისს სხვა წყაროებიდან ადვილად შეავსებენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close