მსოფლიოხელოვნება

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა – რა გაუგებრობა მოხდა საქართველოს ეროვნული ჟიურის შეფასებასთან დაკავშირებით?

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული  ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც უკრაინა იქნება.

საქართველოს ეროვნული ჟიურისგან ჟიურის ყველაზე მაღალი – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.

მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა უკრაინას მიაკუთვნა, რასაც ადასტურებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებისთვის გადაგზავნილი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.

ანალოგიური განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც: აზერბაიჯანმა ევროვიზიაზე 12 ქულა უკრაინას მისცა და არა ბრიტანეთს, მსგავსი სიტუაცია კი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში იყო, – წერს აზერბაიჯანული მედია. „ჩვენთან ტექნიკური პრობლემა არ ყოფილა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, – აცხადებენ აზერბაიჯანულ საზმაუწყებელში.

პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა – ჩეხეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია, სომხეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, ბელგია, საბერძნეთი, ისლანდია, მოლდოვა, შვედეთი, ავსტრალია, პოლონეთი, სერბეთი და ესტონეთი.

ევროვიზიის ფინალში 20 ფინალისტთან ერთად გამარჯვებისთვის „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი იბრძოდნენ.

საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus-ი, რომელიც მაყურებლის წინაშე წარდგა სიმღერით Lock Me In, კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ბუკმეკერები გამარჯვებას სწორედ უკრაინას უწინასწარმეტყველებდნენ.

ბუკმეკერების პროგნოზი გასულ წელსაც გამართლდა, როდესაც მათ გამარჯვება იტალიურ ჯგუფს – „მანესკინს“ უწინასწარმეტყველეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close