ახალგაზრდა ქალმა რუსული ნაღმის გამო ორივე ფეხი დაკარგა – საქორწილო ცეკვა ლვოვის საავადმყოფოში (ვიდეო)
ლისიჩანსკელმა წყვილმა – ოქსანამ და ვიქტორმა თავიანთი ქორწინება ლვოვის საავადმყოფოში აღნიშნეს, სადაც ახალგაზრდა ქალს პროთეზირებისათვის ამზადებენ. იგი რუსულ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა. ამის შესახებ მედია იუწყება ლვოვის პირველი სამედიცინო გაერთიანების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
23 წლის ლისიჩანსკელმა მედდამ ორივე ფეხი და მარცხენა ხელის 4 თითი მარტის ბოლოს დაკარგა.
„ტრაგედია 27 მარტს მოხდა. ოქსანა და ვიქტორი ნაცნობი ბილიკით სახლში ბრუნდებოდნენ. ქალი წინ მიდიოდა, ახალგაზრდა კაცი – უკან. ოქსანა შემობრუნდა, რომ ვიქტორი საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა, ერთი წამის შემდეგ მის ფეხქვეშ ნაღმი აფეთქდა. ვიქტორი სასწაულებრივად გადარჩა, ოქსანას აფეთქებამ ორივე ფეხი და მარცხენა ხელის 4 თითი მოჰგლიჯა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პირველადი დახმარება ახალგაზრდა ქალს ლისიჩანსკის (ქალაქი უკრაინის ჩრდილო-დასავლეთით, ლუჰანსკის ოლქში) საავადმყოფოში გაუწიეს, სადაც მას ერთბაშად 4 ოპერაცია გაუკეთეს. შემდეგ იგი დნეპრში გადაიყვანეს, სადაც ჭრილობებს მკურნალობდნენ და კიდურებს პროთეზირებისთვის ამზადებდნენ. და აი ერთი კვირის წინ ევაკუაციისათვის განკუთვნილი მატარებლით იგი ლვოვში ჩავიდა, სადაც რეაბილიტაციას გაივლის და შემდეგ პროთეზებს გაუკეთებენ.
ოქსანა და ვიქტორი უკვე 6 წელია ერთად არიან, მათ 2 შვილი ჰყავთ. ნიშნობის ბეჭდები წყვილმა ლვოვში შეიძინა, აქვე იშოვეს საპატარძლო თეთრი კაბა. მოხალისეებმა ტორტი გამოაცხვეს. ცერემონია რეგისტრაციის ბიუროში გაიმართა, ხოლო წყვილის ოფიციალური შეუღლება ლვოვის ქირურგიის ცენტრის პალატაში იზეიმეს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები