მსოფლიოპოლიტიკა

შვეიცარიული გაზეთი კაბაევას და პუტინის შვილების დაბადების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

კაბაევა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გამოჩნდა

2015 და 2019 წლებში რუსმა ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ორი ბიჭი გაუჩინა. ამის შესახებ შვეიცარიული გაზეთი SonntagsZeitung-ი წერს ექიმზე დაყრდნობით, რომელმაც კაბაევა ამშობიარა. ინფორმაციას theins.ru ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, პირველი შვილი შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში დაიბადა (კანტონი ტიჩინო). პუტინი მშობიარობას არ დასწრებია. SonntagsZeitung-ის წყაროს თქმით, მეორე ვაჟი, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უკვე მოსკოვში დაიბადა. პირველი მშობიარობისთვის პუტინმა შვეიცარია აირჩია, რადგან „ყველაფერი საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო“.

ორივე შემთხვევაში – შვეიცარიასა და მოსკოვში – მშობიარობა მიიღო გინეკოლოგმა, რომელიც ტიჩინოს კანტონში წმინდა ანას ელიტურ კლინიკაში მუშაობს. ექიმი რუსეთშია დაბადებული, თუმცა 30 წელზე მეტია, რაც შვეიცარიაში ცხოვრობს. გაზეთის ცნობით, ეს ქალბატონი პუტინს ახალგაზრდობის წლებიდან იცნობს, სანკტ-პეტერბურგიდან და ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირია. კაბაევას მეორე მშობიარობისთვის იგი მოსკოვში ჩავიდა.

ორივე ფეხმძიმობისას ალინა კაბაევა რამდენჯერმე იმყოფებოდა ლუგანოში. იგი ხან ექიმის ვილაზე ცხოვრობდა ელიტურ კომუნა კოლინა დ’ოროში, ლუგანოს გარეუბანში, ხან სასტუმრო Principe Leopoldo-ში.

SonntagsZeitung-ის წყარო კაბაევას აღწერს, როგორც „ძალიან სასიამოვნო ქალს, ნამდვილ სპორტსმენს, ძალიან პირდაპირ ადამიანს“. მისივე თქმით, კაბაევა მასთან მიღებაზე დედასა და დასთან ერთად მივიდა, პირადი დაცვის გარეშე.

სავარაუდო ვაჟების გარდა, რომლებზეც შვეიცარიული გაზეთი წერს, პუტინს კიდევ, სულ ცოტა,  2 ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც ლუდმილა პუტინასთან კანონიერი ქორწინების შედეგად გაჩნდნენ – მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა. მათ 6 აპრილს აშშ-მა სანქციები დაუწესა. სწორედ ამ სანქციების კომენტირებისას კრემლმა ოფიციალურად პირველად დაადასტურა პრესსპიკერის – დმიტრი პესკოვის პირით, რომ ისინი პუტინის ქალიშვილები არიან. არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ჰყავს ქალიშვილი ბანკ „რასიას“ აქციონერისგან სვეტლანა კრივონოგიხისგან, რომელიც პუტინის საყვარელი იყო. ამ უკანასკნელმა იგი მანამ გაიცნო, სანამ რუსეთის პრეზიდენტი გახდებოდა. მედიის ინფორმაციით, გოგონა 2003 წელს გაჩნდა და გარეგნულად ძალიან ჰგავს საკუთარ მამას, თუმცა პუტინს იგი ოფიციალურად არ უღიარებია თავის შვილად.

ომის დაწყების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ალინა კაბაევა შვილებთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს. იგი საჯაროდ დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა, თუმცა  24 აპრილს გამოჩნდა ტანვარჯიშის ყოველწლიურ საბავშვო ფესტივალზე „ალინა“, რომლის სულისჩამდგმელი და კურატორიც თავადაა. ფესტივალი ამჯერად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის –  9 მაისის თემაზე ჩატარდა.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, კაბაევას Alessandra Rich-ის ბრენდის ძვირადღირებული კაბა ეცვა, რომლის ფასი, ბრენდის ოფიციალური საიტის თანახმად, 1765 აშშ დოლარია (150 ათას რუბლამდე) და გამარჯვების დღის აღსანიშნავად გეორგიევსკის ლენტი ეკეთა.

შეგახსენებთ, რომ WSJ-ის ინფორმაციით,  28 აპრილს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონის, ალინა კაბაევასთვის სანქციების დაწესება შეაჩერა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც სანქციების სიის შედგენაში მონაწილეობს, გამოცემასთან ანონიმურად თქვა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტთან  ურთიერთობის დაძაბვას მოერიდნენ, რადგან შიშობენ, რომ კაბაევასთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში პუტინის „პასუხი აგრესიული იქნება“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close