სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა – უკვე მეორედ (ვიდეო)

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას ორი სპორტსმენი იცავდა – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). ტატო გრიგალაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.

22 წლის ქართველმა მოჭიდავემ ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბელგიელი ძიუდოისტი, 25 წლის მატიას კასე ულამაზესი გდებით დაამარცხა და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ ტატო მატიას კასესთან ტოკიოს ოლიმპიადაზე დამარცხდა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, ხოლო ამავე სპორტსმენთან ბუდაპეშტში 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დათმო. დღეს კი ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა რევანში აიღო და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო – იგი მერვედფინალში იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან დამატებით დროში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ტურნირის მეორე დღის ბოლოს ორი მედალია – ოქრო და ბრინჯაო, რომელიც გუშინ 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

ხვალ, პირველ მაისს, ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს სახელით ტატამიზე გამოვლენ ლუკა მაისურაძე (90 კგ), ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე – 100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

ევროპის ჩემპიონატზე სოფიაში წელს საქართველოს ნაკრები 11 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close