fbpx
საზოგადოებასაქართველო

გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა, ემიგრაცია გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება და უარყოფითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.7 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.8 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი, ანუ 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი − 63.7 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.5 პროცენტს.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კაცების რიცხოვნობამ 1 770.0 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 918.7 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი – კაცი, ხოლო 52 პროცენტი ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 30 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 30 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

2021 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82.5 პროცენტი და ემიგრანტების 88.6 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, ანუ 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენენ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close