საბერძნეთი: 7 წლის ანდრეასის მკვლელი კამერაში მკვდარი იპოვეს (ვიდეო)
33 წლის პოლონელი იმიგრანტი მამაკაცი, რომელმაც თავისი 29 წლის პარტნიორის 7 წლის ბიჭუნა ანდრეასი მოკლა ათენის რაიონ კიფსელიში და მის ცხედარს 5 წელი მალავდა, კამერაში მკვდარი იპოვეს. ამის შესახებ newsbeast.gr. იტყობინება.
მამაკაცი, რომელმაც ბავშვის მკვლელობა აღიარა, კისერზე ზეწარშემოხვეული იპოვეს, კორფუს ციხის კამერაში, სადაც იგი იმყოფებოდა. პირველადი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა, თუმცა ამ ვერსიის ოფიციალურად დასადასტურებლად ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს.
ამ სასტიკი მკვლელობის დეტალებმა მთელი საბერძნეთი შეძრა. კიფსელიში მოკლული 7 წლის ანდრეასის ძვლებს დამნაშავე, თავისი პარტნიორის – მოკლული ბიჭის დედის თანხმობით 5 წლის განმავლობაში ინსტრუმენტების ყუთში ინახავდა იარაღებთან ერთად. ყუთი პოლიციამ იმ ბინის აივანზე აღმოაჩინა, სადაც ბავშვის დედა ცხოვრობდა – ასევე პოლონელი იმიგრანტი.
პატარა ანდრეასი მუდმივად განიცდიდა დედამისის 33 წლის ალკოჰოლიკი და ნარკომანი პარტნიორისგან დამცირებას და აგრესიულ მოპყრობას და ერთხელაც ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა. მოგვიანებით პოლონელმა მამაკაცმა დაკითხვაზე აღიარა, რომ იმ საბედისწერო დღეს თავისი პარტნიორის შვილი – 7 წლის ბიჭი მორიგ ჯერზე დასაჯა, არ მისცა ჭამის უფლება და აიძულა, რამდენიმე საათის განმავლობაში ერთ ადგილას მდგარიყო, ბიჭუნას პროტესტის საპასუხოდ კი მას საიზოლაციო ლენტით გადაუხვია ცხვირი და პირი, რის შედეგადაც ბავშვი ტანჯვით გაიგუდა.
წყვილმა სწრაფად მოიფიქრა მომავალი მოქმედების გეგმა: ნაცნობებს ეუბნებოდნენ, რომ ანდრეასი პოლონეთში წაიყვანა მისმა ბიოლოგიურმა მამამ. ამაში რამდენიმე წლის განმავლობაში ეჭვი არავის შეუტანია, სანამ საბერძნეთის პოლიციამ შემთხვევით არ შეიტყო შოკისმომგვრელი ამბავი…
Star-ის ინფორმაციით, გასული წლის 20 ოქტომბერს სამხრეთ-აღმოსავლეთ ატიკის უსაფრთხოების სამსახურის პოლიციელებმა ნეა სმირნიში 34 წლის უცხოელი (პოლონელი) მამაკაცი და 38 წლის ბერძენი ქალი დააკავეს – დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც მაღაზიებში ნივთებს იპარავდნენ.
პოლიციის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით დაკავებულმა პოლონელმა მათ უამბო, რომ ერთხელ ნასვამმა თანამემამულემ მას ინსტრუმენტების ყუთი აჩვენა საშინელი შიგთავსით და უთხრა, რომ იქ მის მიერ მოკლული გერის ძვლები ინახებოდა.
ეს მონაყოლი იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ თავდაპირველად პოლიციელებმა გამოძიება ჩაატარეს იმის დასადგენად, მართლა ხომ არ იმყოფებოდა ბავშვი თავის ბიოლოგიურ მამასთან, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელი 2018 წლიდან მუდმივად ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა და მკურნალობდა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ანდრეასის 29 წლის დედის სახლი გაჩხრიკეს.
ინსტრუმენტების ყუთი შოკისმომგვრელი შიგთავსით ძველ ხის დივანში აღმოჩნდა, რომელიც აივანზე იდგა. დაღუპული ბავშვის დედა დააპატიმრეს. მისი საქციელი დაუჯერებელი იყო – იგი ყველა ბრალდებას უარყოფდა, არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან და აბსოლუტურად გულგრილი იყო მომხდარის მიმართ.
„იმ ღამით არაფერი დამინახავს. ვერ გავიგე, რა მოხდა, იმიტომ რომ მაგ დროს კომპიუტერზე ვთამაშობდი. არანაირი საიზოლაციო ლენტი არ მინახავს, არ ვიცი, რა მოხდა“, – ეს იყო მისი პირველი ჩვენება დაკავების შემდეგ. თუმცა მისი პარტნიორმა აღიარა დანაშაული და სინანულიც გამოხატა მომხდარის გამო.
ეს ყველაფერი არ არის – როგორც აღმოჩნდა, ქალს კიდევ ერთი შვილი ჰყავდა – გოგონა, რომელიც ამჟამად სხვა ოჯახში ცხოვრობს.
2018 წელს, ძმის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ,10 წლის გოგონა – იოანა დაწყებით სკოლაში მოხვდა. იგი გამოფიტული და ჭუჭყიანი იყო, ხშირად ჰქონდა ჩალურჯებები და დაჟეჟილობები და სასწავლო დაწესებულებამ ამის შესახებ პროკურატურას აცნობა. საბოლოო ჯამში გოგონა წამოიყვანეს ბიოლოგიური დედისგან და აღსაზრდელად გადასცეს მატერიალურად უზრუნველყოფილ ოჯახს, სადაც მას სიყვარულით ეპყრობიან.
მანამდე კი იოანა, როგორც მისი დაღუპული ძმა, ხშირად განიცდიდა თავდასხმას და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას თავისი ნარკომანი მამინაცვლისგან. მან ბავშვთა ფსიქოლოგის თანდასწრებით პოლიციას მოუყვა თავისი ადრეული ბავშვობის საშინელ წლებზე. გოგონას მონაყოლის მოსმენა აუღელვებლად შეუძლებელი იყო. ის, რაც მან და მისმა მოკლულმა ძმამ გადაიტანეს, შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია.
იოანა პოლიციას მოუყვა, რომ წამებისა და შეურაცხყოფის დროს, რომელსაც ბავშვებს მამინაცვალი აყენებდა, დედა – კრისტინა კლაუდია მ. აბსოლუტურად გულგრილი იყო, არასდროს ცდილობდა, შვილებს გამოსარჩლებოდა და იგი შეეჩერებინა. ხშირად ბავშვებს მშივრებს ტოვებდნენ, ხოლო როდესაც ცუდი მოპყრობისგან სხეულზე ჩალურჯებები ეტყობოდათ, სკოლაში არ უშვებდნენ, რათა არავის დაენახა. იოანა მოყვა, რომ ერთხელ მისმა მამინაცვალმა ბრტყელტუჩა აიღო და იმით უჭერდა ანდრეასს ხელის თითებზე.
2017 წელს, როდესაც ბიჭი მოკლეს, გოგონა 8 წლის იყო. ბიჭუნას ცხედარს 5 წლის განმავლობაში მალავდნენ კიფსელიში – თავიდან ბეტონის ორმოში, შემდეგ ინსტრუმენტებთან ერთად ყუთში. ამის შესახებ ბავშვის დედამაც იცოდა.
ათენის რაიონ კიფსელიში 7 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის გამო ორგანიზაციამ „ბავშვის ღიმილი“ სისტემა ამხილა და საბერძნეთის მთელ საზოგადოებას მიმართა:
„საშინელებაა, რომ მონსტრების – 29 წლის დედისა და მისი 33 წლის პარტნიორის ხელში 2 პატარა ბავშვი აღმოჩნდა. მხოლოდ გოგონას გადარჩენა მოხერხდა. ეს უპატიებელია და სისტემის არასრულყოფილებაზე მიუთითებს“.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები