მსოფლიო

ვის სტუმრობდა ზელენსკი საქართველოში გაპრეზიდენტებამდე და რა აკავშირებს მის მშობლებს საქართველოსთან

ბუბა კიკაბიძის პროდიუსერ რატი აბზიანიძეს ახლო ურთიერთობა აკავშირებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ის ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს უზიარებს პირად შთაბეჭდილებებს. 

რატი აბზიანიძე: კრიტიკული სიტუაციაა, მაგრამ როგორც ვხედავთ, უკრაინელ ხალხს საბრძოლო განწყობა არ დაუკარგავს. გმირულად დგას უკრაინის პრეზიდენტი და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ბოლომდე. ის არ არის პატარა ადამიანი, ვინც რამეს დათმობს. ზელენსკი დასახულ მიზანს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს.

რამდენი ხანია, ამ ადამიანს იცნობთ და როგორია თქვენი პირადი შთაბეჭდილებები მასზე?

ჩვენ დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. ეს ადამიანი საქმესთან მიმართებაში ყოველთვის საოცარი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. ძალიან მომთხოვნი და სამართლიანია. მისთვის ჩვეული პრინციპებით მოქმედებს ომშიც, თუმცა ახლა გაცილებით დიდი მასშტაბია და მის ქმედებებში უდიდესი პატრიოტიზმი ჩანს. მან მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ შეუძლია იმის გაკეთება, რაც ბევრმა ვერ შეძლო და რაც სულ რამდენიმე დღის წინ წარმოუდგენელი გვეგონა. ეს ადამიანი აუცილებლად დაამარცხებს რუსეთის ტირანიას.

როგორ გაიცანით ერთმანეთი?

მოგეხსენებათ, მე ბატონ ბუბა კიკაბიძესთან ვმუშაობ. საქართველოში ზელენსკი პირველად 2010 წელს ჩამოვიდა და ბატონ ბუბაზე ფილმი გადაიღო. ამის შემდეგ, მასა და მის გარემოცვასთან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. საქმიან ურთიერთობებს მეგობრობა დაემატა. მე თვითონ დღემდე ვმუშაობ უკრაინაში მის კომპანიაში, რომელიც კონცერტების ორგანიზებას უზრუნველყოფს. ჩვენი დაგეგმილია „მგზავრების“ ტური უკრაინაში, ბატონი ბუბას საგასტროლო და ასევე, ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტები.

იცით, რომ ნებისმიერ უკრაინელს უყვარს საქართველო და ქართველები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართ ამ ადამიანის დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებული იყო. მისი მშობლები ძალიან ხშირად ისვენებენ საქართველოში. თვითონ ბოლოს რომ ჩამოვიდა, პირველ რიგში, ენგურის ხიდთან მივიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ზელენსკი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ბატონი ბუბა იაროსლავ ბრძენის ორდენით დააჯილდოვა.

მას ძალიან უყვარს ქართული კულტურა და ქართული სამზარეულო. ძალიან ხშირად გახლდათ უკრაინაში არსებული ქართული რესტორნების სტუმარი. საოცრად უყვარს ქართული სიმღერა და, რაც მთავარია, ქართველი ხალხი. ბოლოს მისი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ბატონი ბუბას დაბადების დღეს დაემთხვა და არც ეს გამორჩენია. არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის და ბევრი ხელოვანისთვის ბატონი ბუბა კუმირი და ინსპირაციაა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close