მსოფლიო

„ვრემიას“ პირდაპირი ეთერის დროს სტუდიაში გადაცემის რედაქტორი შევარდა პლაკატით და შეძახილით: „არა ომს“ (ვიდეო)

რუსეთის პროპაგანდისტული პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს სტუდიაში არხის ერთ-ერთი თანამშრომელი გამოჩნდა, პლაკატით „არა ომს“. ინციდენტის დროს წამყვანი ეკატერინა ანდრეევა რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ზემოქმედების შემსუბუქების გეგმებზე საუბრობდა, 

წამყვანის ზურგს უკან მოულოდნელად გამოჩნდა ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“ – და თან მაყურებელს სიტყვიერადაც მიმართავდა: „არა ომს, გააჩერეთ ომი!“.

მოგვიანებით გაირკვა, რომ თანამშრომელი, რომელმაც „ვრემიას“ ეთერში გასვლისას ომი გააპროტესტა, რუსეთის პირველი არხის რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვაა. მან ეთერში პლაკატით ხელში გამოჩენამდე წინასწარ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დანაშაულია. რუსეთი აგრესორი ქვეყანაა​. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი ადამიანის სინდისზეა. ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია. მამაჩემი უკრაინელია, დედა – რუსი. ისინი არასდროს ყოფილან მტრები. ეს ყელსაბამი ჩემს ყელზე არის სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ძმათა მკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ერები კიდევ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლები მე ვმუშაობდი პირველ არხზე, დაკავებული ვიყავი კრემლის პროპაგანდით და ახლა მე მრცხვენია ამის გამო. მრცხვენია, რომ ვუშვებდი ტელევიზორის ეკრანიდან ტყუილის თქმას. მრცხვენია, რომ ვუშვებდი რუსი ხალხის ზომბირებას. ჩვენ გავჩუმდით 2014 წელს, როდესაც ეს ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. ჩვენ არ გავედით მიტინგებზე, როდესაც კრემლი წამლავდა ნავალნის. ჩვენ უბრალოდ მდუმარედ ვადევნებდით თვალს ამ ანტიადამიანურ რეჟიმს. ახლა კი ჩვენ ზურგი გვაქცია მთელმა მსოფლიომ. ჩვენი შთამომავლობის ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმისმკვლელი ომის სირცხვილს. ჩვენ, რუსი ხალხი მოაზროვნე და ჭკვიანები ვართ. მხოლოდ ჩვენს ძალებშია ამ სიგიჟის შეჩერება. გამოდით მიტინგებზე, ნურაფრის გეშინიათ, ისინი ყველა ჩვენგანს ვერ დააპატიმრებენ“, – აცხადებს რუსი ჟურნალისტი.

მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ჟურნალისტი ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს „ოსტანკინოს“ განყოფილებაშია გადაყვანილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close