ფრანგი აქტივისტი პიერ აფნერი აცხადებს, რომ „შტურმით აიღეს პუტინის ციხესიმაგრე“ საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ბიარიცში. მასთან ერთად იმყოფებოდა ბელარუსი პოლიტიკური დევნილი სერგეი საველიევი. გამოცემა The Insider-ი წერს, რომ ვილა „ალტა მირა“ პუტინის ერთ-ერთ ქალიშვილს ეკუთვნის. პიერ აფნერმა გამოცემას განუცხადა, რომ საკეტები გამოცვალა და ვილა მზად არის მიიღოს პუტინის რეჟიმს გაქცეული ადამიანები, უპირველეს ყოვლისა კი, უკრაინელი ლტოლვილები. მისივე თქმით, ვილაში 8 საძინებელია.
ბიარიცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნათესავები ქალაქში ორ ვილას ფლობენ. მანამდე მედია წერდა, რომ საფრანგეთში უძრავი ქონება აქვთ სახელმწიფოს მეთაურის ყოფილ მეუღლეს, ლუდმილა პუტინას, უფრო სწორად, მის ახალ ქმარს და ვლადიმირ პუტინის ყოფილ სიძეს, ბიზნესმენ კირილ შამალოვს.
ბიარიცის ვიცე-მერმა ჯოსელინ კასტენედმა განაცხადა, რომ ერთი ვილა ბიზნესმენმა კირილ შამალოვმა 2012 წელს იყიდა. რუსული მედია ამტკიცებს, რომ ბიზნესმენი ვლადიმირ პუტინის უმცროსი ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას ქმარია. ისინი 2013 წელს დაქორწინდნენ და ხუთი წლის შემდეგ განქორწინდნენ.
შამალოვმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ოთხსართულიანი სახლი იყიდა საცურაო აუზით. სასახლის ფართობია დაახლოებით 300 კვ.მ. სახლი, რომელსაც ადგილობრივები „პუტინის ქალიშვილის სასახლეს“ უწოდებენ, 3,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
Time-ი იუწყება, რომ ბიარიცში ხშირად ჩადის რუსეთის ყოფილი პირველი ლედის, ლუდმილა პუტინას ყოფილი მეუღლე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუდმილა პუტინას ახალი ქმარი, არტურ ოჩერეტნი, ფლობს ვილას ახლომდებარე ქალაქ ანგელში.
არაოფიციალური მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის ოჯახის მიჯაჭვულობა ბიარიცზე იმით აიხსნება, რომ 1999 წელს სწორედ ამ ქალაქში მიიღო პუტინმა შეთავაზება, გამხდარიყო რუსეთის პრეზიდენტის – ბორის ელცინის მემკვიდრე.
კიდევ რა ქონებას ფლობენ პუტინის ქალიშვილები შეცვლილი გვარებით.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები