მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინაში გერმანიიდან ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საზენიტო რაკეტები ჩავიდა

უკრაინას ევროკავშირიდან საბრძოლო თვითმფრინავებს აღარ მიაწვდიან

უკრაინაში გერმანიიდან დაპირებული იარაღი ჩავიდა – 1000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო ერთეული და „სტინგერის“ ტიპის 500 საზენიტო რაკეტა. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი იუწყება სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ, რომელიც კვირების განმავლობაში ამბობდა უარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, 26 თებერვალს დაამტკიცა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდება.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების პოლიტიკის გააზრება შეიცვალა არა მარტო გერმანიის მთავრობაში, არამედ მოსახლეობაშიც. ამას მოწმობს გამოკითხვის შედეგებიც: თუ პუტინის თავდასხმამდე, Insa-ის მიერ „ბილდისთვის“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა მხოლოდ 22% ემხრობოდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ახლა უკვე გერმანიის მცხოვრებთა 78% უჭერს მხარს უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდებას და ბუნდესვერის გადაიარაღებას.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გამორიცხულია ნატოს მონაწილეობა ომში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში არ გაგზავნიან საბრძოლო თვითმფრინავებს, მიუხედავად დაპირებისა.

პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაგზავნის. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად პოლონეთში ლასკის საჰაერო ბაზაზე საუბრისას დუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არ აპირებს თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, რადგან „ეს სამხედრო ინტერვენციას გამოიწვევს“.

უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება გამორიცხეს ბულგარეთისა და სლოვაკეთის მთავრობებმაც.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას არ გააჩნია შესაბამისი თვითმფრინავები და სათადარიგო ნაწილები.

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ასევე უარყო უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის ფაქტი.

რაც შეეხება უნგრეთს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უნგრეთი არ გეგმავს უკრაინის დახმარებას იარაღით და არც სხვა მოკავშირე ქვეყნებს მისცემს მისი ტერიტორიის გამოყენების უფლებას სამხედრო დახმარების ტრანზიტისთვის.

მისი თქმით, პირველი რიგის პრიორიტეტია „უნგრელი ხალხის სიცოცხლე და უსაფრთხოება“.

„ჩვენ არ მივიღებთ არანაირ გადაწყვეტილებას, რომელსაც ვინმეს პროვოცირება შეუძლია, მიზანში ამოიღოს დასახლებული პუნქტები და ხალხი უნგრეთში, ან იმიერკარპატების უნგრელები და უკრაინელები. უნგრეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ამ ომის მიღმა დარჩეს. ამასთან, უკრაინა ჩვენი მეგობარია, ის გასაჭირშია და უნდა დავეხმაროთ“, – განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ უნგრეთმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარება დაიწყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close