fbpx
მედიცინა

აშშ-ში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისგან პირველი ქალი პაციენტი განკურნეს

ამერიკელმა ექიმებმა შეძლეს ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციის შედეგად პაციენტი ქალი აივ-ისგან განეკურნათ. ამის შესახებ The New York Times-ი წერს ამერიკის ქალაქ დენვერში გამართულ კონფერენციაზე წარდგენილ მოხსენებაზე დაყრდნობით.

გამოცემის  ცნობით, განკურნებულ ქალზე ცნობილია, რომ  იგი საშუალო ასაკისა და შერეული რასისაა.

აივ-ის გარდა პაციენტს ლეიკემიაც ჰქონდა. 2017 წელს მას ჭიპლარის  სისხლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარეს. უჯრედები ეკუთვნოდა ნაწილობრივ შეთავსებად დონორს გენეტიკური მუტაციით, რომელიც აივ-ის უჯრედებში შეღწევას ბლოკავს. ქალს ახლო ნათესავის სისხლიც გადაუსხეს, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო იმუნური დაცვა ტრანსპლანტანტის შეთვისების პერიოდში, რასაც დაახლოებით 6 თვე სჭირდება.

37 თვის შემდეგ პაციენტმა ანტირეტროვირუსული თერაპია შეწყვიტა, 14 თვის შემდეგ კი მისი სისხლის ანალიზებში კვლავაც არ აღმოჩნდა არც ვირუსი და არც ანტისხეულები ვირუსის წინააღმდეგ.

ეს ამ დაავადებისგან განკურნების მეოთხე შემთხვევაა მსოფლიოში, თუმცა წინა სამი პაციენტი მამაკაცი იყო.

მკვლევართა თქმით, ასეთი მკურნალობით შეიძლება აივ-ითა და სისხლის კიბოთი დაავადებულ 50 პაციენტს გაეწიოს დახმარება წელიწადში, თუმცა ამ მკურნალობისას 20%-ის ალბათობით შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემები წარმოიქმნას..

ოთხი ადამიანის გამოჯანმრთელების მიუხედავად აივ-შიდსი კვლავაც განუკურნებლად ითვლება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში აშშ-ის სამედიცინო რეგულატორმა დაამტკიცა ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატი, რომელიც დნმ-ის რედაქტირებას ახდენს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close