მედიცინა

ამერიკელი სამხედრო ექიმები „სუპერვაქცინის“ შექმნაზე მუშაობენ – მართალია თუ არა, რომ ის კორონავირუსის ყველა შესაძლო ვარიანტისგან დაიცავს?

ამერიკელმა სამხედრო ექიმებმა Covid-19-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის კლინიკური ცდების პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადეს. უოლტერ რიდის სახელობის ნაციონალურ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში (WRAIR) შექმნილი პრეპარატის გამომგონებლები გვპირდებიან, რომ ის  ადამიანებს დაიცავს არა მხოლოდ „ომიკრონისგან“, არამედ კორონავირუსის ყველა სხვა ამჟამად არსებული შტამისგან და უფრო მეტიც, ნაწილობრივ მასთან დაკავშირებული სხვა ინფექციებისგანაც კი, თუმცა ექსპერტები ვაქცინის შემქმნელების განცხადებებს სკეპტიკურად უყურებენ და, ზოგადად, ასეთი პრეპარატის შექმნის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებენ.

BBC მოგვითხრობს, თუ რა არის ცნობილი ფერიტინის (ეს არის ცილა, რომელიც რკინას შეიცავს) ვაქცინა SpFN -ზე, რას ეფუძნება მისი მოქმედების პრინციპი და რატომ არ იზიარებენ დიდად მეცნიერები სამხედრო ექიმების ოპტიმიზმს?

ვარიანტების ლაბირინთი…

აცრა Covid-19-თან ბრძოლის ყველაზე ეფექტიან საშუალებად რჩება. ვაშინგტონის შტატის უახლესი სტატისტიკა აჩვენებს, რომ სრულად აცრილი, 65 წელს გადაცილებული პირები, აუცრელებთან შედარებით, დაახლოებით 13-ჯერ ნაკლებად ხვდებიან საავადმყოფოში. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინირებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 15-ჯერ ნაკლებია, ვიდრე იმ პირებში, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ვაქცინა არ გაიკეთეს.

თუმცა „ომიკრონის“ გამოჩენამ ვაქცინის შემქმნელთა მოლოდინები და შეფასებები საკმაოდ არია. ეს მოხდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ კორონავირუსის აღნიშნული შტამი ბევრად უფრო ხშირად აინფიცირებს უკვე აცრილ და კოვიდგადატანილ პაციენტებს, არამედ იმიტომაც, რომ მეცნიერები დარწმუნდნენ: ვირუსის მუტაციის შედეგად ის უფრო და უფრო უკეთ ახერხებს ორგანიზმის იმუნური დაცვის გვერდის ავლას. „ომიკრონი“ ადამიანებს ისეთი სიჩქარით აინფიცირებს, რომ ყოველდღიურად Covid-19-ის დიაგნოზს დაახლოებით 3,7 მილიონ ადამიანს უსვამენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში დღეისათვის არსებული ყველა ვაქცინა ახალი კორონავირუსისგან სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანად იცავს.

უოლტერ რიდის სახელობის ეროვნული ცენტრში ამტკიცებენ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა იპოვეს. ფერიტინის ვაქცინა SpFN-მა ლაბორატორიაში ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად უკვე შესანიშნავი შედეგები აჩვენა (ჯერ თაგვები აცრეს, შემდეგ კი – მაკაკები) და კლინიკური კვლევების პირველი ფაზა ადამიანებშიც წარმატებით ჩატარდა. როგორც ცენტრის ახალი ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კაივონ მოჯარადი აცხადებს, მისი გუნდის მიერ შემუშავებული პრეპარატი „უფრო ფართო მიდგომას“ ითვალისწინებს. შესაბამისად, მან უნდა უზრუნველყოს დაცვა (უკიდურეს შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც) კორონავირუსის ყველა ვარიანტისგან ერთდროულად – იქნება ეს ყველა არსებული თუ შესაძლო შტამი (ისეთიც კი, რომელიც ჯერ არ განცდილი მუტაციის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს). მოჯარადის თქმით, ასეთ შემთხვევაში ორგანიზმის იმუნური პასუხი „მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე – სხვა ვაქცინების შემთხვევაში“.

რა არის გამოსავალი?

SpFN-ის (Spike-Ferritin Nanoparticles) დამუშავება მიმდინარე პანდემიამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. თავდაპირველად სამხედრო ექიმები ცდილობდნენ, შეექმნათ ვაქცინა, რომელიც ადამიანებს დაიცავდა ამჟამინდელი კოროვირუსის წინამორბედებისგან („ატიპური პნევმონია“ / SARS) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS)), იდეალურ შემთხვევაში კი მათი უახლოესი ნათესავებისგან, მათ შორის, Sars-Cov-2-ისგანაც, მაგრამ როგორ შეიქმნას ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც ბუნებაში ჯერ კიდევ არ არსებობს? ექსპერტების აზრით, ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

რა თქმა უნდა, ზუსტად არ ვიცით, როგორ მოხდება ვირუსის მუტაცია, მაგრამ საკმაოდ მაღალი სიზუსტით შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, თუ რომელი მიმართულებით წავა მისი ევოლუცია. ცნობილია, ასევე, მუტაციების მიმართ გენომის რომელი ფრაგმენტებია უფრო მგრძნობიარე, რომელია შედარებით სტაბილური და ყველა უკვე გამოვლენილ შტამში უცვლელი რჩება. სწორედ ამ უკანასკნელის შესწავლაზე გაამახვილეს ყურადღება ამერიკელმა სამხედრო ექიმებმა.

„კვლევის ობიექტად ვირუსის მთელ ოჯახს ვიღებთ. კონკრეტული ვირუსის ზოგიერთი თვისების შესწავლის შემდეგ, ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ ვლინდება ის მის ”უახლოეს ნათესავებში“, –  განმარტავს ექიმი მოჯარადი, რომელიც მუტაციურ ვარიანტებს ვირუსის ორიგინალის „ბიძაშვილებს“ უწოდებს. Covid-19-ის ზოგიერთი ვაქცინისგან განსხვავებით, რომლებიც უკვე გამოიყენება, აშშ-ს სამხედრო ექიმების მიერ შექმნილი პრეპარატი, შენახვის პირობების თვალსაზრისით, უკიდურესად არაპრეტენზიულია. ის შეიძლება იდოს სახლის ჩვეულებრივ მაცივარში, სულ ცოტა, ერთი თვის განმავლობაში და თავისი თვისებები არ დაკარგოს. ამ ყველაფრის შედეგად მიღებული პრეპარატი მიეკუთვნება ე.წ. ცილოვან (ან პეპტიდურ) ვაქცინებს, რომლის გაკეთების დროსაც ორგანიზმში ხვდება ვირუსული ცილის ფრაგმენტები, რომელთაც დამოუკიდებელი გამრავლება არ შეუძლიათ.

რას ფიქრობენ სკეპტიკოსები?

მომავალი ვაქცინა რომ დიდი ალბათობით Sars-Cov-2-ის ყველა ვარიანტისგან დაცვას შეძლებს, WRAIR-ის წარმომადგენლები ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში ირწმუნებოდნენ. 2022 წლის დასაწყისში კი მათ SpFN-ის კლინიკური კვლევების პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ამ პროცესში 72 მოხალისე მონაწილეობდა. კვლევის სრული საბოლოო მონაცემები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ჯერ არ არის. ეს მასალები ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებას ელოდება. ალბათ ამით არის განპირობებული ის, რომ მიუხედავად ცენტრის ხმამაღალი პრესრელიზებისა, როგორც ჩანს, ექსპერტთა საზოგადოება სამხედრო ექიმების ოპტიმიზმს ჯერჯერობით არ იზიარებს.

მერილენდის უნივერსიტეტის ფარმაციის სკოლის პროფესორი და ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის, BMJ-ის უფროსი რედაქტორი პიტერ დოში ამბობს, რომ იგი ასეთი პრეპარატის შემუშავების იდეის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი. „მსგავსი განცხადებები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელებისგან უკვე წლები კი არა, ათწლეულებია მესმის. გრიპის მსგავსად Sars-Cov-2-იც მიეკუთვნება სწრაფად მუტაციურ რნმ ვირუსების ტიპს, რომელიც მუდმივად იძლევა უფრო და უფრო ახალ ვარიანტებს. ასე რომ, პირადად მე არ მაქვს პასუხი კითხვაზე, ვირუსული გენომის რომელი ნაწილი უნდა იქნას აღიარებული საკმარისად სტაბილურად და უცვლელად, რათა მის საფუძველზე შეიქმნას ერთი ვაქცინა, რომელიც ყოველი ახალი მუტაციების გამოჩენისას არ მოძველდება“, – განმარტავს მეცნიერი

ამ მოსაზრებას იზიარებს ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი ტომ ჯეფერსონი. „ისტორიამ წარუმატებელი ვაქცინებისა და ანტივირუსული წამლების ბევრი მაგალითი იცის. მსგავსი რაღაცის გამოგონება კი წარმოუდგენლად რთულია“, – ამბობს მკვლევარი.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close