ლიტერატურა/წიგნებიჩვენი ფავორიტი

„ეძღვნება ყველა ქართველ ემიგრანტს, ვინც სამშობლოს გულით დაატარებს…“ – NOSTAl.GE-მ პირველი წიგნი გამოსცა

გასული, ძალიან რთული 2021 წელი NOSTAL.GE-სთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა – მიუხედავად პანდემიური ფორს-მაჟორისა, შევძელით დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელება და გამოვეცით პირველი წიგნი – „უცხოეთის ცის ქვეშ – გულახდილი საუბრები“, რომელიც ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული საინტერესო და დასამახსოვრებელი ინტერვიუების კრებულია.

წიგნმა „უცხოეთის ცის ქვეშ – გულახდილი საუბრები“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ქართველების ემიგრანტული ისტორიები გააერთიანა და, როგორც ჟურნალისტმა ელზა ჯმუხაძემ აღნიშნა, უცხოეთში მცხოვრები ჩვენებურების ქართულ ფესვებს „დაუსხა წყალი“.

ჩვენი წიგნები უკვე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავშია, „ეკვილიბრუმი“ კი მას სხვადასხვა ბიბლიოთეკაში გაავრცელებს, მათ შორის, საზღვარგარეთაც.

აქვე ერთი საინტერესო და სიმბოლური დეტალის შესახებ:

წიგნი „უცხოეთის ცის ქვეშ“ 2021 წლის 9 დეკემბერს გამოიცა. ამავე დღეს, 9 დეკემბერს თავის ოფიციალურ საიტზე ფერების საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა Pantone-მა 2022 წლის მთავარი ფერი დაასახელა. როგორც გაირკვა, წლის ფერი გახდა Pantone 17-3938 Very Peri – ლურჯის ახალი ელფერი წითლის და იასამნისფრის ქვეტონით.

სასიამოვნოდ გაოცებულები აღმოვჩნდით, როდესაც ძირითადი ფერი (სხვადასხვა ელფერით), რომელიც ჩვენი წიგნის ყდისთვის ავირჩიეთ, Pantone-ის მიერ დასახელებული 2022 წლის მთავარი ფერის შესაბამისი აღმოჩნდა.

ამ წინასაახალწლო დღეებში ჩვენც  გვჯერა სასწაულებისა და ჩავთვალეთ, რომ ფერების ფერიამ შთაგვაგონა წიგნის ყდის მთავარი ფერი. Very Peri თურმე „გარდამავალი პერიოდის სიმბოლოა“.

Pantone-ის ფერების მკვლევართა აზრით, „ამ ახალი ელფერის სირთულე ხაზს უსვამს უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენ წინაშე იხსნება“… ეს ფერი გვეხმარება „შეცვლილი ლანდშაფტის“ აღქმაში და გვაძლევს „ახალ ხედვას“…

nostal.ge-ს ბიბლიოთეკის პირველი წიგნიც ახალი შესაძლებლობების, ახალი ხედვების და ახალი წარმატებების საწინდარი ყოფილიყოს ჩვენი გუნდისთვის და წიგნის რესპონდენტებისთვის!

„ეძღვნება ყველა ქართველ ემიგრანტს, ვინც სამშობლოს გულით დაატარებს და მის სახელს უფრთხილდება.

წიგნში გამოქვეყნებული თითოეული ინტერვიუ თანამედროვე ქართული ემიგრაციის მატიანეს ერთი საინტერესო, გამორჩეული ფურცელია, რომელშიც ამ ისტორიის ყველა ასპექტი იკვეთება. ემოციურად, გულახდილად მოყოლილი ამბები კინოკადრებივით ცხადად დაანახვებს მკითხველს იმ რეალობას, რომლის წინაშეც ახალი ათასწლეულის დასაწყისში დადგა საქართველო – ქვეყანა თითქოს ორად გაიყო: ნახევარი საქართველო საქართველოშია, ნახევარი – უცხოეთის ცის ქვეშ. ეს წიგნი ამ ორი ნაწილის გარდაუვალი ერთიანობის ჩვენების მცდელობაცაა“, – ვკითხულობთ წიგნის წინათქმაში.

ყდის დიზაინზე მხატვარ-დიზაინერმა ბესო პოპიაშვილმა და დიზაინერმა ნინო ყაველაშვილმა იმუშავეს;

წიგნის დიზაინის ავტორია ნინო ყაველაშვილი;

რედაქტორი – ნინო ლურსმანაშვილი;

კოორდინატორი – თამარ ოთიაშვილი;

კორექტორი – ელენე ჩაბრაძე.

დაიბეჭდა „ფავორიტი სტილში“.

ისტორია გრძელდება – nostal.ge-ს  ვირტუალური კლუბი ახალ წევრებს ელოდება…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close