fbpx
ქართველები უცხოეთში

„დიასპორის დაჯილდოება 2021“ – ვის ხვდა წილად ჯილდო „განსაკუთრებული ღვაწლისთვის“

გაიმართა განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების  ოფიციალური ცერემონია, რომლის ორგანიზატორი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო.

უწყების ცნობით, „დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები იმ თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და, ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“  27 დეკემბერს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ:

ჯილდო ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ ამერიკაში მოღვაწე მსახიობს და რეჟისორს ირაკლი კავსაძეს, პიანისტ ლექსო თორაძეს და თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელს ომარ ფარუქ დემირთაშს.

მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ საფრანგეთში მოღვაწე მეცნიერი და მთარგმნელი გასტონ ბუაჩიძე და ოქსფორდში ქართული ენის კურსების ხელმძღვანელი ლია ჩოკოშვილი.

სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა წარმატებულ ქართველ კიკბოქსიორს გიგა ჭიკაძეს.

სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდოები გადასცეს ამერიკაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს მამუკა წერეთელს და სლოვაკეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს და მეცენატს ნოდარ გიორგაძეს.

საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს მფლობელები გახდნენ ხატია ხაბულიანი, რომელიც რუსთავის ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფარს ეხმარება და ნიდერლანდებში არაერთი საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა ამ მიზნით, აგრეთვე, ვიქტორ სირელსონი, რომელიც 1996 წლიდან მხარს უჭერს ამერიკაში წასულ ქართველ ხელოვანებს და ქართული ცეკვისა და სიმღერის არაერთი ჯგუფი დააარსა.

ნომინაციაში საქართველოს უცხოელი მეგობარი ჯილდოები გადაეცათ ენდერს ვინბუშს, რომელიც 90-იანი წლებიდან არის საქართველოს ლობისტი ამერიკაში და ლასლო ბორჰის, რომელმაც ბუდაპეშტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის კათედრა დააარსა.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ ICMPD-ის ძალისხმევით, დაჯილდოების ცერემონიაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ესპანეთიდან და სლოვენიიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა. ორივე ანსამბლი ქართულ კლასიკურ და ხალხურ მუსიკას ასრულებს და პროფესიონალი ესპანელი და სლოვენიელი მომღერლებისგანაა დაკომპლექტებული. ესპანეთში მოღვაწე ანსამბლი Vocal Vircan-ი, რომელიც 2019 წელს დაარსდა, კატალონიელი და ქართველი მომღერლებისგან შედგება, ხოლო ანსამბლი „კვალი“ Kvali (K’vali) 2008 წელს ჩამოყალიბდა სლოვენიაში და მას ქართული დიასპორის წარმოიმადგენელი ხელმძღვანელობს, რომელიც ანსამბლის განვითარებისა და ქართული მუსიკის შემდგომი პოპულარიზაციისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების საგრანტო პროექტის გამარჯვებულია.

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close