საზოგადოება

სანამ ფეიერვერკს იყიდი, ეს წაიკითხე, ვინ იცის, გადაიფიქრო

ქართველების უმრავლესობა მაშხალას, რომელიც მიწაში უნდა ჩაარჭონ და ისე მოუკიდონ ცეცხლი, ხელში იჭერს და აივნიდან ისვრის

მე და ჩემი მეგობრები ზუსტად ის ყველასთვის საძულველი ბავშვები ვიყავით, ვინც ახალი წლის დღეებში ჯიბის ფულს მთლიანად „ბომბაჩკებში“ ხარჯავდა და მერე შიშის ზარს სცემდა სამეზობლოს აფეთქებით და არც ისე უსაფრთხო ექსპერიმენტებით. ერთხელ ალმოკიდებული შუშხუნა შუშის ბოთლში ჩავდეთ, რომ გვენახა, რამდენად შორს გაისროდა აფეთქება ნამტვრევებს, მეორედ – კონსერვის ქილის ქვეშ დავდეთ, გვაინტერესებდა რამხელაზე აფრინდებოდა. ბომბებს აივნიდანაც ვყრიდით და არაერთხელ მოგვწევია შეშინებული გამვლელის წყევლა.

ლამის ოცი წელი გავიდა და პიროტექნიკის გაყიდვა-გამოყენებაში საერთოდ არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს პარლამენტმა პიროტექნიკის არასრულწლოვანებზე გაყიდვა აკრძალა, ბავშვები ახლაც ისევე ერთობიან, როგორც ჩვენ 2000 წელს. მაგრამ საქმე მხოლოდ ბავშვებში არ არის; ასაფეთქებლებს და ფეიერვერკებს დაუდევრად უფროსებიც ხმარობენ. ყველა ზომის მაშხალა და ასაფეთქებელი იმდენად ხელმისაწვდომია, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლამდე თითქმის ყოველი დღე ბაგა-ბუგში გადის. თუ საზღვარგარეთ ფეიერვერკის სანახავად წელიწადში რამდენჯერმე ადამიანები პარკებში დათქმულ დროს საგანგებოდ იკრიბებიან, საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი გასართობია. პატარა ზომის ასაფეთქებლებს თითქმის ყველა უბნის მაღაზიაში ყიდიან, დიდებს კი – ქუჩაში, საახალწლო დახლებიდან ან პირდაპირ მანქანის საბარგულიდან.

„აი, ეს ახლა არაფერია, ბავშვებს შეგიძლია უყიდო“, – მეუბნება ახალგაზრდა გამყიდველი ბიჭი ფრჩხილისხელა ასაფეთქებელზე, რომელსაც პატარა ეშმაკები ახატია. „ამას კიდე ყველაზე დიდი ხმა აქვს“, – სქელ ასაფეთქებელს დიდად აწერია „GROM“. საშიში რომელია-მეთქი, ვეკითხები. ყველა საშიშია, – მეუბნება და საჩუქრად კიდევ ერთ შეკვრას მიგდებს პარკში.

საქართველოში ასაფეთქებლები ჩინეთიდან შემოდის, ინსტრუქციები უმეტესობას არ აქვს, ზოგს რაღაც თუ აწერია – უცხო ენაზე. საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი შემომტანი „ენიგმა ფეიერვერკია“. კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი გაგნიძემ მითხრა, რომ ჩინური წარმოების პროდუქცია ბულგარეთიდან შემოაქვს და მერე გადამყიდველებზე ყიდის. „ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყანაა და ვიცი, რომ იმათი სერტიფიკატი უსაფრთხოების სტანდარტის ტოლფასია“.

ქართული ინსტრუქციები მხოლოდ შედარებით დიდ მაშხალებს აქვს, მაგრამ უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს; ქართველების უმრავლესობა მაშხალას, რომელიც მიწაში უნდა ჩაარჭონ და ისე მოუკიდონ ცეცხლი, ხელში იჭერს და აივნიდან ისვრის.

მაინც რა არის შიგნით

ასაფეთქებელი დენთის ფხვნილით გავსებული მუყაოს კაფსულაა, რომელიც მაღალი წნევისგან სკდება – ხმასაც ეგ იწვევს. რაც უფრო სქელი მუყაოა, მით უფრო ბევრი დაპრესილი დენთია შიგნით. პატარა ასაფეთქებლებს კოლოფზე გასმითაც მოუკიდებ, უფრო დიდებს ფითილი აქვს.

„ეს ფითილი ზოგჯერ მექანიკურად ზიანდება“, – ამბობს პიროტექნიკოსი სოსო გვასალია, კინოფილმების სპეცეფექტების სპეციალისტი. – „მაგალითად, ბავშვებს რომ დააქვთ ჯიბით, ფუჭდება და რომ უკიდებენ, იმაზე ადრე უფეთქდებათ ხელში, ვიდრე ელოდებიან“.

დაკარგული თითები და შფოთვითი აშლილობა

ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დაზარალებულების გამო დამწვრობის ცენტრს სამუშაო არ ელევა. ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ 2020-ის ზამთარში ცენტრმა დაახლოებით 300 პაციენტი მიიღო – მეორე, მესამე ხარისხის დამწვრობით, ზოგს კანის გადანერგვა დასჭირდა. დამწვრობის გარდა არის შემთხვევები, როცა პაციენტებს მექანიკური ტრავმებიც აქვთ: გაგლეჯილი რბილი ქსოვილები, დაფლეთილი თითები, დაზიანებული თვალები.

„46%-ში ზიანდება მარჯვენა კიდური – მტევანი, წინამხარი და მხარი, 17%-ში – სახე, 17%-ში – თვალები. ბუნებრივია, ფეიერვერკი, რომელიც 150 მეტრის სიმაღლეზე ადის, 2-3 მეტრში რომ მოხვდეს ვიღაცას, გინდა ცეცხლსასროლი იარაღი და გინდ ეს მაშხალა ყოფილა. ზოგჯერ არის, რომ სტაციონარული, მიწაში ჩასარჭობი მაშხალა იქცევა და გვერდზე მდგომებს ხვდება. ყველა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება ინტენსიურად მუშაობს ამ დღეებში“, – ამბობს გუგა ქაშიბაძე.

მისი შეფასებით, არასრულწლოვანებზე გაყიდვის აკრძალვის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა, ცენტრის პაციენტების მხოლოდ ნახევარია სრულწლოვანი.

ქიმიური თოვლი

ფეიერვერკის კაშკაშა მანათობელი ფერები მაგნიუმის, ბარიუმის, სპილენძის, ნატრიუმის, კალიუმის, სტრონციუმის ან მათი წვის პროდუქტების ჰაერში გაფრქვევით წარმოიქმნება – ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და ქიმიის დოქტორი ქეთევან კუპატაძე.

წვის პროდუქტები გროვდება ატმოსფეროში, და საბოლოოდ ნიადაგსა და წყალში. მათი შესუნთქვა სახიფათოა – განსაკუთრებით დახურულ სივრცეში იწვევს გულისრევას, გონების დაკარგვას, ალერგიას, ასთმურ შეტევებს. მაგალითად, თუ ისეთ ადგილას ცხოვრობთ, სადაც ღია ფანჯრებიდან ჭარბად შემოდის მაშხალების კვამლი, დიდი ალბათობით ოთახში მავნებელი კვამლი დაგიგროვდებათ.

ავტორი თამუნა ჩქარეული

(შემოკლებული ვერსია)

სრული ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ radiotavisupleba.ge-ზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close