თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური და გადახდის წესები იცვლება – სააბონენტო სისტემა პირველი თებერვლიდან ამოქმედდება (ვიდეო)
პირველი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება, ერთჯერადად მგზავრობის საფასური კი ერთი ლარი იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
შეიქმნა გადახდის რამდენიმე პაკეტი და მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, გადახდის სისტემიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.
„ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი იქნება ერთი ლარი, რომლითაც მგზავრს შეუძლია 90 წუთის მანძილზე ისარგებლოს მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით ან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საბაგირო ხაზით. ამასთან, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს: სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა“, – განაცხადეს მერიაში.
პირველი თებერვლიდან ამოქმედდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტო მგზავრობის სისტემა.
ახალი სისტემის თანახმად, მეტროს, ავტობუსების, მიკროავტობუსების მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აბონემენტები პირველ თებერვლამდე შეიძინონ. აბონემენტების გაყიდვა მეტროს სალაროებში და „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალებში 5 იანვრიდან დაიწყება.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, იქნება „ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი, რომელიც ეღირება ერთი ლარი. ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი) სარგებლობა და ამ ტრანსპორტებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდიან 90 წუთის განმავლობაში“.
მისივე ინფორმაციით, შემოდის ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი, რომელიც სამი ლარი ეღირება. ამ ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ სამ ლარად იმგზავროს.
იქნება, აგრეთვე, ულიმიტო ერთკვირიანი ბარათი, რომელიც 20 ლარი ეღირება. ამ ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს.
ულიმიტო ერთთვიანი ბარათი ეღირება 40 ლარი. ამ ბარათის მფლობელები შეძლებენ მთელი თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ მხოლოდ 40 ლარად.
ულიმიტო სამთვიანი ბარათი 100 ლარი ეღირება, ულიმიტო 6-თვიანი ბარათი – 150 ლარი, ერთწლიანი აბონემენტი – 250 ლარი.
კახა კალაძემ შეღავათიან პროგრამებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უფასოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებენ თბილისში რეგისტრირებული უსინათლო ადამიანები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, ასევე, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული ვეტერანები და სხვა. რაც შეეხება მგზავრობის შეღავათიან ტარიფებს – 20 თეთრის გადახდის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკების უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა. „ასევე, გვაქვს შეღავათიანი მგზავრობა – 10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები