მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიაში კორონავირუსთან ბრძოლის ზომები მკაცრდება

რა ახალი წესები შემოდის 28 დეკემბრიდან?

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (Olaf Scholz) და ფედერალური მიწების მეთაურები სამშაბათს, 21 დეკემბერს პანდემიასთან ბრძოლის ახალ ზომებზე შეთანხმდნენ. 28 დეკემბრიდან გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ძალაში შევა გაფართოებული შეზღუდვები სოციალურ კონტაქტებზე. კერძო შეხვედრებისას ვაქცინირებული და კოვიდგადატანილ მოქალაქეების რაოდენობა 10 კაცს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება აუცრელ მოქალაქეებს, მათთან დაკავშირებით ადრე მიღებული უფრო მკაცრი ზომები მოქმედებს.

მასობრივი ღონისძიებები, როგორიცაა ბუნდესლიგის მატჩები ან ტურნირები სპორტის სხვა სახეობებში, 28 დეკემბრიდან მაყურებლის გარეშე ჩატარდება. იგივე წესი ვრცელდება კულტურულ ღონისძიებებზეც.

შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ შეძლო ნელ-ნელა მოეპოვებინა კონტროლი სიტუაციაზე პანდემიის მეოთხე ტალღის დროს, თუმცა ვარიანტ „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე უკვე არსებობს მეხუთე ტალღის საფრთხე,  ამიტომ მოუწოდებს ადამიანებს: „აცრა, აცრა, აცრა“ – სწორედ ეს მიაჩნია მთავრობის მეთაურს მთავარ ამოცანად ფედერალურ დონეზე. იანვრის ბოლომდე გაკეთებული უნდა იყოს 30 მლნ ბუსტერული აცრა, „უნდა დავიცვათ თავიც და საკუთარი ნათესავებიც“, – ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა. მისი თქმით, ინფიცირების და დაავადების მძიმედ მიმდინარეობის რისკი არავაქცინირებულ მოზრდილებში იზრდება ვარიანტ ომიკრონის გამო და გამოსავალი ვაქცინაციაა.

ამ დროისთვის გერმანიის მცხოვრებთა 73,5%-ს ერთი აცრა მაინც აქვს გაკეთებული. ფედერალური მთავრობა ისწრაფვის, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელმა მინიმუმ  80%-ს მიაღწიოს.

ექსპერტები მოუწოდებენ მოქალაქეებს. თავი აარიდონ თავშეყრას, ატარონ FFP2 ნიღბები, განსაკუთრებით შენობაში, უფრო ხშირად გამოიყენონ ექსპრეს ტესტები შეხვედრების წინ და საშობაო ზეიმების დროს.

„თუ ვარიანტ „ომიკრონის“ გავრცელება გერმანიაში ასეთი ტემპებით გაგრძელდება, მაშინ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთდროულად დაავადდება და/ან კარანტინში იქნება. … ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მთელი ინფრასტრუქტურა ექსტრემალური დატვირთვის ქვეშ აღმოჩნდება“, – აცხადებენ სპეციალისტები. 

შეგახსენებთ, რომ „ომიკრონის“ გავრცელების გამო ისრაელმა თავის მოქალაქეებს გერმანიაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close