fbpx
მოგზაურობაიტალიაპოლიტიკა

იტალიაში შესვლის ახალი წესები – ევროკავშირის ქვეყნებიდან შემსვლელთათვის კოვიდტესტირება ბრუნდება

„სუპერ გრინპასის“ რეჟიმი 31 მარტამდე გაგრძელდა

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ 14 დეკემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიაში შემსვლელ ყველა მგზავრს კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევს. ამ გადაწყვეტილებამ ბრიუსელის უკმაყოფილება გამოიწვია. აგრეთვე, გაგრძელდა ზომები, რომლებიც უკვე მიღებული იყო ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩამსვლელი მგზავრებისთვის. ამის შესახებ სააგენტო ilsole24ore წერს.

მგზავრს შეუძლია აირჩიოს, რა სახის ტესტირებას ჩაიტარებს იტალიის ტერიტორიაზე შესვლამდე – ექსპრეს ტესტს, რომლის ვადა 24 საათია, თუ PCR ტესტს, რომლის ვადა 48 საათით არის განსაზღვრული. განკარგულება ხვალიდან, 16 დეკემბრიდან ამოქმედდება და 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ქვეყნის მცხოვრებს აცრა არ ექნება ჩატარებული, იტალიაში ჩასვლის შემდეგ ვალდებული იქნება, 5-დღიანი იზოლაცია გაიაროს, რის შემდეგაც კიდევ ერთი ტესტი უნდა გაიკეთოს კორონავირუსზე.

დღეს, 15 დეკემბერს საღამოს გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 23 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 129 ადამიანი. ამ დროისთვის არსებული აქტიური შემთხვევების რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 3,6%-ია.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 870 პაციენტია მოთავსებული, ხოლო ჩვეულებრივ პალატებში – 7 309.

იტალიაში 23 ათასი ინფიცირებული ერთ დღეში აღარ ყოფილა მიმდინარე წლის პირველი აპრილის შემდეგ, როდესაც ერთ დღეში 23 649 შემთხვევა გამოვლინდა. სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებელიც (129) მიმდინარე წლის 28 მაისის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.

მთლიანობაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 282 076 შემთხვევა, საიდანაც 135 178 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 841 245 გამოჯანმრთელდა (14 802-ით მეტი, ვიდრე გუშინ).

ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის მიუხედავად იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პიერპაოლო სილერის მიაჩნია, რომ იტალიაში „წითელი ზონების“ დაბრუნების ალბათობა ძალიან დაბალია. „ახალი ვარიანტის – „ომიკრონის“ შიში სპეციალისტებს შედარებით ნაკლებად აქვთ, ვიდრე წინა ვარიანტებისა, ყოველ შემთხვევაში, ბუსტერული დოზით აცრილი მოქალაქეები საკმარისად არიან დაცულები“, – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ახალი დეკრეტით, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, იტალიაში პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით – 31 მარტამდე გაგრძელდა.

2021 წლის 31 მარტამდე გაგრძელდა „სუპერ გრინპასის“ (ე. წ. გაძლიერებული მწვანე სერტიფიკატი, რომლის მიღება მხოლოდ აცრილ და კოვიდგადატანილ ადამიანებს შეუძლიათ) ვადაც, რომელიც 15 იანვრამდე იყო განსაზღვრული.

ამასთან, მთავრობა არ დაეთანხმა სპეციალისტთა რეკომენდაციებს, რომ იტალიელებს ქუჩაში პირბადით ევლოთ, შესაბამისად, მოქალაქეებს ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა.

შეგახსენებთ, რომ კალაბრია ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების გამო 11 დეკემბერს „ყვითელ ზონად“ გამოცხადდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close