გერმანიაში აუცრელებისთვის კოვიდშეზღუდვები გამკაცრების ფონზე ანგელა მერკელის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ქვეყნის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კანცლერი ქალი უდიდესი სამხედრო პატივით გააცილეს.
უმაღლესი თანამდებობის პირების, აგრეთვე, არმიის გენერლების გაცილების ტრადიციული სამხედრო ცერემონია, სახელწოდებით “Der Große Zapfenstreich”, ბერლინში, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ეზოში გაიმართა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ცერემონიაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო. მასში მონაწილეობდა 200-მდე ადამიანი, მათ შორის, 52 პოლიტიკოსი, რომელთაც მერკელის 16-წლიანი მმართველობის პერიოდში მინისტრების თანამდებობები ეკავათ.
ტრადიციული ღონისძიების ყველაზე სანახაობრივი ნაწილი სამხედრო შენაერთების აღლუმი იყო.
Jetzt live: Der Große Zapfenstreich der #Bundeswehr zur Verabschiedung von Bundeskanzlerin Angela Merkel. https://t.co/VsLb9pwLJC
— Verteidigungsministerium (@BMVg_Bundeswehr) December 2, 2021
როგორც წესი, კანცლერს ეძლევა უფლება, აირჩიოს მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებსაც გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი შეასრულებს ცერემონიაზე. ანგელა მერკელმა, რომლის სიყვარული კლასიკური მუსიკისადმი ცნობილია, მოულოდნელი მუსიკალური „კოქტეილი“ შეარჩია: შეიარაღებული ძალების ორკესტრმა, კანცლერის მიერ შექმნილი „პლეილისტის“ შესაბამისად, ცერემონიაზე შეასრულა ქრისტიანული ჰიმნი „Großer Gott, wir loben Dich” („ღმერთო მაღალო, გადიდებთ შენ“), რომლის სიტყვები XVIII საუკუნის გერმანელმა კათოლიკე მღვდელმა და თეოლოგმა იგნაც ფრანცმა (Ignaz Franz) დაწერა; აგრეთვე, ლეგენდარული გერმანელი მსახიობისა და მომღერლის, ჰილდეგარდ კნეფის (Hildegard Knef) კომპოზიცია „Für mich soll’s rote Rosen“ („ჩემთვის წამოვა წვიმა წითელი ვარდებიდან“) და 1970-იანი წლების შლაგერი – „გერმანული პანკ-როკის ფუძემდებლის“, ნინა ჰაგენის „Du hast den Farbfilm vergessen“ („ფერადი ფირი დაგავიწყდა“).
დამშვიდობებამდე ერთი დღით ადრე მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიის პარლამენტი იმსჯელებს, გახადოს თუ არა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია სავალდებულო. მას კონკრეტულ თარიღებზე არ უსაუბრია, თუმცა დამტკიცების შემთხვევაში ასეთი შეზღუდვა, ისევე როგორც ავსტრიაში, შესაძლოა გერმანიაშიც 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდეს.
აღსანიშნავია, რომ მერკელი წარსულში სავალდებულო ვაქცინაციას ეწინააღმდეგებოდა და ხაზს უსვამდა მთავრობის ვალდებულებას – დაარწმუნოს მოსახლეობა ვაქცინაციის აუცილებლობაში, თუმცა ახლა კითხვაზე – დაუჭერდა თუ არა სავალდებულო ვაქციანაციას მხარს, მერკელმა უპასუხა: „პარლამენტის წევრი რომ ვიყო, [სავალდებულო ვაქცინაციას] ხმას მივცემდი“.
ჯერჯერობით კი „კოვიდ-19“-ის მეოთხე ტალღასთან საბრძოლველად გერმანიის ფედერალურმა და ადგილობრივმა მთავრობებმა ახალი შეზღუდვები მიიღეს, რომლებიც ძირითადად აუცრელ ადამიანებს შეეხება.
კომენტარები