fbpx
კრიმინალი

„ყველა საბუთზე წაუკითხავად ვუწერდი ხელს“ – ივანიშვილი დაკარგულ 400 მლნ-ზე

მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ შვეიცარიული ბანკს Credit Suisse-ის ყველა საბუთს წაუკითხავად აწერდა ხელს. ექს-პრემიერი ამჟამად ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებშია ჩართული, რამდენიმე დღის წინ კი მან საქართველოდან ბერმუდის სასამართლოს ჩვენებაც მისცა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ Credit Suisse-ის  საბანკო ჯგუფთან დავის მიზეზები განმარტა. ადვოკატის განცხადებით, ადგილი აქვს დარღვევებისა და დანაშაულის უპრეცედენტო მასშტაბს, რამაც ამ საქმეში თავი იჩინა.

ამასთან, ადვოკატმა დავის მიზეზებზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობა 2015 წელს გართულდა. „ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ყველა აქტივი გაყიდა. ეს მოხდა ორ ეტაპად – ერთი 2005 წელს და მეორე 2011 წელს. რუსული აქტივების გაყიდვის შედეგად ამოღებული თანხა მან სრულად მიანდო სამართავად „კრედიტ სვისის“ საბანკო ჯგუფს. ესაა დავის ფაბულა. ამას მოჰყვა ის, რომ გარკვეული წლების განმავლობაში, ბანკი უხატავდა მის კლიენტს გარკვეულ კეთილხმოვან სურათს, ამ აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა 2015 წლის შემდეგ უკვე სხვადასხვა ფაქტმა იჩინა თავი. ფაქტებმა, რომლებიც მიუთითებს ბანკის სისტემურ დარღვევაზე. ეს ფაქტებია დღეს არსებულ სასამართლო დავაში და მეტყველებენ იმაზე, რომ ბანკმა გაანიავა არა მარტო აქტივები, არამედ გაფლანგა კლიენტის მხრიდან მისდამი გამოხატული უსაზღვრო და პრაქტიკულად უპირობო ნდობა“, – აღნიშნა ყიფიანმა..

ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილის სასარჩელო განცხადება, გამყარებულია მტკიცებულებებით. „როდესაც ვსაუბრობ, რომ ბანკმა გაანიავა აქტივები და ბოროტად გამოიყენა ნდობა, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის შეფასებაზე არაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ჩვენ მყარად ვდგავართ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც გამყარებულია არაერთი მტკიცებულებით… არსებითია ასევე აღვნიშნოთ, რომ თვითონ შვეიცარიის, ჟენევის სისხლის სამართლის სასამართლომ 2018 წელს გამოტანილი განაჩენით, ასევე დაამტკიცა და დაადასტურა ის არაერთი დარღვევა, რომელიც გამოიხატებოდა ხელმოწერების გაყალბებაში, არაავტორიზებული, არაუფლებამოსილი გარიგებების წარმოებაში, ფასიანი ქაღალდებით მანიპულირებაში, სხვადასხვა ნორმატივისა და რეგულაციების დარღვევაში. ადგილი აქვს დარღვევებისა და დანაშაულის უპრეცედენტო მასშტაბს, რამაც საქმეში თავი იჩინა“, – განაცხდა ყიფიანმა.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ სასამართლო ჩვენებიდან, რომელიც ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოს მისცა, რამდენიმე ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც ივანიშვილი აცხადებს, რომ „ბანკის ყველა საბუთს წაუკითხავად აწერდა ხელს“ და რომ Credit Suisse-თან ურთიერთობაში ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ პერიოდში „ქართუ ბანკის“ საბჭოს წევრი და „ქართუ ფონდის“ მმართველი იყო, მხოლოდ საორგანიზაციო ფუნქციებს ასრულებდა და მის შინაარსობრივ დეტალებთან კავშირი არ ჰქონდა.

ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოს ჩვენება ქართულ ენაზე, თარჯიმნის დახმარებით მისცა.

„არ იფიქროთ, რომ ფინანსურ სტრუქტურებში გარკვევა არ შემიძლია. მე შემიძლია, თუმცა არასდროს არ მიცდია, ახლაც არ ვიცი, რა მომეცით თქვენ. მე არ ვცდილობდი ამ სტრუქტურების შესწავლას და მასში გარკვევას, მე ვამოწმებდი მხოლოდ თანხის რაოდენობას, ვამოწმებდი გვარებს და სახელებს და ასაკს ჩემი შვილების, ჩემი მეუღლის თუ რამე გადანაწილება ხდებოდა. მაგრამ სტრუქტურას, როგორ წარმოადგენდნენ, ამაში გარკვევას არ ვცდილობდი. მე სტრუქტურაში არ ვერეოდი. ეს არაფერს არ ნიშნავდა ჩემთვის, ტრასტი თუ სხვა რაღაც. მე მოვედი Credit Suisse-ში და მის ნებისმიერ სტრუქტურას, რაც მას აწყობდა, ხელს ვაწერდი წაუკითხავად, რასაც მთავაზობდა პროფესორი [პირადი ბანკირი] ვაწერდი ხელს, თავად სტრუქტურა ჩემთვის საინტერესო არ იყო.

ეს იყო, როგორც პაციენტი რომ ექიმთან მიდის, ან სტუდენტი პროფესორთან და მის დავალებას ასრულებს, აი ასეთი იყო დამოკიდებულება“, – აცხადებს ივანიშვილი.

სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს ივანიშვილის ყოფილ პირად ბანკირს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად, ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

როგორც bm.ge წერს, პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია.

აღნიშნულის არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ შეუძლებელია, ეს პროცესი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო. სწორედ ბანკის პასუხისმგებლობას ეხება ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე პროცესი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო 2018 წლის ბოლოს დატოვა, რისი მიზეზიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ამასთან, მას წინასწარი პატიმრობის შედეგად პატიმრობის ნახევარზე მეტი მოხდილიც ჰქონდა. გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელთა დაფარვაშიც ის იყო ბრალდებული, ივანიშვილი ხანგრძლივ დავაშია ჩართული.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close