როგორ გამოასვენეს სტალინი მავზოლეუმიდან
დელეგატი ტრიბუნასთან მივიდა და განაცხადა, გუშინ ხილვა მქონდა, ლენინმა მითხრა, სტალინის გვერდით თავს ცუდად ვგრძნობ და მავზოლეუმიდან გაიტანეთო
60 წლის წინათ, 1961 წლის 31 ოქტომბერს სტალინის ცხედარი მავზოლეუმიდან გამოიტანეს და კრემლის კედელთან დამარხეს.
იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. ლენინი ამ დროს უკვე 30 წლის მკვდარი იყო და მოსკოვში, მავზოლეუმში ესვენა. სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს ახალგარდაცვლილი ხელმძღვანელიც იქვე დაასვენეს, თუმცა დიდი ხნით არა. რვა წლის შემდეგ, როცა საბჭოთა მმართველი ელიტისთვის იოსებ ჯუღაშვილი დიდი ბელადიდან დიდ ავანტიურისტად იქცა, ხრუშჩოვმა სტალინის მავზოლეუმში ყოფნა-არყოფნის საკითხსაც გადახედა.
ეს ამბავი კომუნისტური პარტიის 22-ე ყრილობაზე გადაწყდა. დღის წესრიგში სულ სხვა თემები იყო, მაგრამ სტალინის მემკვიდრის, ნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლის შემდეგ სიტყვა ითხოვა ლენინგრადის (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი) საოლქო კომიტეტის მდივანმა ივან სპირიდონოვმა. მან თქვა პირველმა, სტალინის ნეშტი მავზოლეუმიდან გამოვიტანოთო.
ამ ყრილობას კურიოზული ამბავიც ახსოვს. მხცოვანი დელეგატი, ძველი ბოლშევიკი დორა ლაზურკინა ტრიბუნასთან მივიდა და განაცხადა, გუშინ ხილვა მქონდა, ლენინმა მითხრა, სტალინის გვერდით თავს ცუდად ვგრძნობ და მავზოლეუმიდან გაიტანეთო.
ხრუშჩოვმა „მოულოდნელად“ წამოჭრილი საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და ყრილობამაც ერთსულოვნად გადაწყვიტა სტალინი მავზოლეუმიდან გამოეტანათ, თუმცა ეს ერთსულოვნება მოჩვენებითი იყო, ზოგი დელეგატი გულის სიღრმეში გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, მათ შორის, საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე, რომელიც სტალინის ხელმეორე დასაფლავებას არც დაესწრო მიუხედავად იმისა, რომ დამკრძალავი კომისიის წევრი იყო.
ყრილობა 30 სექტემბერს გაიმართა. მეორე დღეს სტალინის ცხედარი მავზოლეუმში უკვე აღარ ესვენა.
„სტალინის კულტის დაგმობის შემდეგ ის საჯარო სივრციდანაც გააქრეს. მავზოლეუმიდან მისი უხმაუროდ გამოტანაც იმიტომ გადაწყვიტეს, რომ დამატებით ამაზე ყურადღება არ გაემახვილებინათ. ეს ტიპური საბჭოთა მიდგომა იყო“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, ექსპერტი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიიდან.
სპილენძის ღილები ოქროს სანაცვლოდ
სტალინის გადასვენებაზე მეთვალყურეობა უშიშროების გენერალს ნიკიტა ზახაროვს დაევალა. მან თითქმის ას წლამდე იცოცხლა და საბჭოთა კავშირის რღვევას შეესწრო. 2000 წელს გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ის ჰყვება, რომ წინასწარ იცოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ყრილობა, რადგან ამის შესახებ თავად ხრუშჩოვმა უთხრა.
გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge
კომენტარები