fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 141 შემთხვევა დადასტურდა (რადგან კვირა იყო, ნაკლები ტესტი ჩატარდა, თუმცა გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი  – 10,77%); მთლიანობაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დადასტურებულია 721 388 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 081 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულია 665 599 ადამიანი.

ბოლო ერთ დღეში 44 პაციენტი დაიღუპა კოვიდით (წინა დღეს – 42). პანდემიის დაწყებიდან გარდაცვლილთა რაოდენობამ 10089-ს მიაღწია, რაც 3,7-მილიონიანი ქვეყნისთვის  ნამდვილი კატასტროფაა.

კოვიდ-19-ით ადამიანის გარდაცვალების ფაქტი საქართველოში პირველად 2020 წლის 4 აპრილს დადასტურდა. 2020 წელს კოვიდმა 2505 მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით კი საქართველოში SARS-CoV-2-ით უკვე 3 ჯერ მეტი, 7584 ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგთა ნაწილი საქართველოში კოვიდსიტუაციის კიდევ უფრო გართულებას ელოდება. ამ ვარაუდის საფუძველს მათ პანდემიის არასწორ მართვასა და ვაქცინაციის დაბალ ტემპთან ერთად 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციური პარტიებისა თუ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დიდი პოლიტიკური მიტინგები აძლევთ.

ვაქცინაციის მაჩვენებლები კი დამაიმედებელი ნამდვილად არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეისათვის სულ ჩატარებულია სულ ჩატარდა 1 978 857 აცრა (გასულ ერთ დღეში – 1 402, აქედან 835 მეორე დოზით აცრა იყო); ბოლო პერიოდში, არაუქმე დღეებშიც კი აცრის მაჩვენებლები 5000-ს არ სცილდება.

დღეს მდგომარეობით სრულად ვაქცინირებულია  940 546 მოქალაქე. იმუნიზაციის ეროვნული გეგმის თანახმად კი 2021 წლის ბოლომდე საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის, 60%-ის ანუ დაახლოებით, 1,7 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, რაც ამგვარი მიდგომით და ტემპით სრულიად წარმოუდგენელია. ამ გეგმის შესასრულებლად დღეში საშუალოდ 40 000 აცრა უნდა კეთდებოდეს. მთავრობის განცხადებით, ამისთვის ქვეყანაში ვაქცინა საკმარისად არის, პრობლემა ვაქცინაციის მიმართ ადამიანთა დიდი ნაწილის დამოკიდებულებაა.

30 ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოს მთავრობა ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს ერიდებოდა – მაგ., გარკვეული პროფესიების წარმომადგენელთა სავალდებულო ვაქცინაციის ან ე. წ. მწვანე სერტიფიკატის შემოღებასთან დაკავშირებით განხილვის დაწყებასაც კი. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატეგორიულად უარყო საქართველოში სავალდებულო  ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები და განაცხადა, რომ არ დაუშვებს, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს, რადგან ადამიანთა „თავისუფალი ნება არ შეიზღუდოს“. მან ისევ დარწმუნების პოლიტიკაზე გააკეთა აქცენტი.

„ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა სხვებთან შედარებით მცირეა, მაგალითად, კახეთი და იმერეთი“ – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გავრცელების „საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება“, შესაბამისად, „დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება“.

მსოფლიოს სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველო ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით (104) მსოფლიოს ქვეყნების პირველ ათეულში იმყოფება. ამ რეიტინგის „ლიდერი“, New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ანგილიაა (დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია, კარიბის ზღვაში მდებარე კუნძული), სადაც სულ 15 000 ადამიანი ცხოვრობს; შემდეგ მოდიან ესტონეთი, ლატვია, ბარბადოსი, სლოვენია, ლიტვა, საქართველო, კაიმანის კუნძულები, სერბეთი და ხორვატია.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close