საბერძნეთი სამხედრო კავშირებს აფართოებს: რას ფიქრობენ თურქეთში?
მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში საბერძნეთი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი აქტიურობით გამოირჩეოდა. ეს აქტიურობა, სავარაუდოდ, ქვეყნისათვის გრძელვადიანი შედეგების მომტანი იქნება.
როგორც უკვე გაცნობეთ (საფრანგეთსა და საბერძნეთს შორის თავდაცვითი შეთანხმება გაფორმდა: რას ითვალისწინებს ორი ქვეყნის სამხედრო კავშირი), 28 სექტემბერს პარიზში ხელი მოეწერა თავდაცვის სფეროში ურთიერთდახმარების თაობაზე შეთანხმებას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შორის. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე საბერძნეთი მნიშვნელოვან შეიარაღებას შეიძენს საფრანგეთისაგან, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ხარისხობრივად გაზრდის. ამავე დროს, შეთანხმება ითვალისწინებს მესამე სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო დახმარების გაწევას, რაც ბერძნებისთვის თურქეთის თავდასხმისას საფრანგეთის სამხედრო ჩარევის გარანტიად მოიაზრება.
14 ოქტომბერს ხელი მოეწერა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებას საბერძნეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. აღნიშნული შეთანხმება 1990 წლიდან მოქმედებს, მაგრამ ამჯერად მასში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: ძველი ხელშეკრულება ერთწლიანი იყო და ხდებოდა ყოველწლიურად მისი განახლება. ამჯერად ხელშეკრულების მოქმედების ვადა ხუთი წლით განისაზღვრა, რაც აშშ-ს საბერძნეთში უფრო გრძელვადიანი სამხედრო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს. მით უმეტეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ქვეყანაში ახალი ამერიკული სამხედრო ბაზების შექმნა.
დაიცავენ თუ არა საფრანგეთი და აშშ საბერძნეთს თურქეთის თავდასხმის შემთხვევაში?
ბერძნული საზოგადოებისთვის აღნიშნულ საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების მეორე მუხლის მიხედვით, საბერძნეთზე მესამე სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში პარიზი სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულებას კისრულობს. ამავე დროს, ხელშეკრულებით მკაფიოდ არაა განმარტებული ტერმინი „მესამე სახელმწიფო“. პრობლემის არსი შემდეგში მდგომარეობს: თუკი საფრანგეთი თურქეთს განიხილავს ნატოს წევრ სახელმწიფოდ, მაშინ ის ისეთივე მოკავშირეა საფრანგეთისთვის, როგორც საბერძნეთი. შესაძლო ბერძნულ-თურქული კონფლიქტის შემთხვევაში ფრანგებს უჩნდებათ ვალდებულება, მოკავშირეებს შორის დაპირისპირებაში შუამავლის ფუნქცია იკისრონ. შესაბამისად, საფრანგეთის მთავრობას აღარ შეეძლება კონფლიქტის მონაწილე ერთი მხარის მხარდაჭერა. ამავე დროს, თურქეთი, საბერძნეთისგან განსხვავებით, არაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა და საფრანგეთს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია იგი გარეშე ძალად, ე.წ. მესამე ქვეყნად განიხილოს და საბერძნეთს დაეხმაროს.
როგორც ვხედავთ, ხელშეკრულება საფრანგეთს საშუალებას აძლევს, კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიიღოს, რაც საბერძნეთისთვის ხელსაყრელი ვითარება ნამდვილად არ არის.
საბერძნეთის მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, „სირიზამ“ საფრანგეთთან სამხედრო შეთანხმებას პარლამენტში კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირა. როგორც „სირიზას” ლიდერმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, ხელშეკრულებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს – კერძოდ, არ ითვალისწინებს საფრანგეთის სამხედრო დახმარებას იმ შემთხვევაში, თუკი კონფლიქტი საბერძნეთის სუვერენული ტერიტორიის მიღმა, კერძოდ კი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მოხდება. საქმე ისაა, რომ თურქეთი ეჭვქვეშ არ აყენებს საბერძნეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა, ძირითადად, იკვებება უთანხმოებით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგების ექსპლუატაციის პრობლემით. ორივე მხარე თვლის, რომ ენერგომატარებლები მათ კუთვნილ კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს (სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ტერიტორიული ზღვის გარეთ და მის მიმდებარედ, საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილით (370 კმ) დაშორებულ ხაზამდე განთავსებული ზღვის სივრცის მის განსაკუთრებულ ეკონომიკური ზონად გამოცხადება. ასეთ ზონაში სანაპირო სახელმწიფოს ზღვის ყველა ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების მოპოვების და გამოყენების უფლება ეკუთვნის. გარდა ამისა, იგი ადგენს ამ ზონაში ხელოვნური კუნძულების და ნაგებობების აგების, სამეცნიერო კვლევების და გარემოს დაცვის წესებს).
საბერძნეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებაში ვერ მოხვდებოდა ცალკე მუხლი კონტინენტური შელფის, ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ. მთავრობა განმარტავს, რომ შეთანხმება ეყრდნობა გაეროს წესდების 51-ე მუხლს, რომელიც ეხება თავდაცვის უფლებას ნებისმიერი თავდასხმისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის საბერძნეთის ტერიტორიას და რომ ტერმინი „ტერიტორია“ მოიცავს არა მხოლოდ ხმელეთს, არამედ ზღვას და ჰაერს. ამავე დროს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, შეიარაღებული თავდასხმა არის არა მხოლოდ შეჭრა, არამედ სხვა სახელმწიფოს სამხედრო ნაწილების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ნებისმიერი შემთხვევა, თუნდაც სუვერენული ტერიტორიის გარეთ.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული შეთანხმების მთავარი ელემენტი ქალაქებში: ალექსანდროპოლსა და სუდაში ამერიკული სამხედრო ბაზების დაარსება-განვითარებაა. პირველი მათგანი უშუალოდ თურქეთის საზღვართან, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სიახლოვეს მდებარეობს, ხოლო მეორე კი – კუნძულ კრეტაზე, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სადავო საზღვაო ზონის მიმდებარედ. ამავე დროს, ხელშეკრულება არ გამორიცხავს ამერიკული სამხედრო ბაზების შექმნას სხვა ბერძნულ კუნძულებზეც. საგულისხმოა, რომ აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის წერილში კირიაკოს მიცოტაკისის მიმართ ცალსახად მიუთითებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საბერძნეთის სუვერენული უფლებების პატივისცემის აუცილებლობაზე საერთაშორისო საზღვაო სამართლის საფუძველზე.
თურქეთის რეაქცია
საფრანგეთსა და საბერძნეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, თურქეთის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადებით, „საბერძნეთში, განსაკუთრებით ბოლო დროს, ზოგიერთი ქვეყნის წახალისებითა და პროვოკაციით, გარკვეული შეთანხმებების გაფორმების სახით შეიარაღებისადმი ლტოლვა გაძლიერდა. თქვენ ვერ მიიღებთ უპირატესობას თურქეთის წინააღმდეგ ასეთი ინიციატივებით, უარი თქვით ამ ძალისხმევაზე“.
მინისტრის თქმით, თურქეთის ხელისუფლება მზადაა, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს, რათა რეგიონში სამხედრო ბალანსი არ დაირღვეს.
ბერძნულ-ამერიკულ შეთანხმებასთან დაკავშირებით თურქეთში აცხადებენ, რომ ბლინკენის წერილით აშშ საბერძნეთზე თავდასხმის შემთხვევაში რაიმე ვალდებულებებს არ კისრულობს და იქვე მოჰყავთ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადება, რომლის მიხედვით „არავითარი ცვლილება მომხდარა აშშ-ის პოლიტიკაში, რომლებიც მხარეებს შორის საზღვაო იურისდიქციის ზონების განსაზღვრისას წარმოშობილი დავის დროს მხარის არჩევას შეეხება“.
საინტერესო შეფასებები გააკეთეს თურქეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმაც, რომელთა აზრით, ისტორიაში პირველად გაფორმდა სამხედრო შეთანხმება ნატო-ს წევრ ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ამავე ორგანიზაციის სხვა წევრის (თურქეთის) წინააღმდეგ არის მიმართული. აქედან გამომდინარე, ეს ხელშეკრულება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ამავე დროს, ისინი აღნიშნავენ, რომ საფრანგეთი საიმედო მოკავშირე არ არის და მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დაწყება მოჰყავთ, როდესაც საფრანგეთს პოლონეთის დაცვის ვალდებულება ჰქონდა, მაგრამ ხელი არ შეუშალა 1939 წელს ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის პოლონეთის გაყოფასა და პოლონური სახელმწიფოს განადგურებას.
თურქი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის მთავარი მიზანი საკუთარი სამხედრო შეიარაღების გაყიდვა იყო. ამავე დროს მას კუნძულ კვიპროსზე სამხედრო ბაზის გახსნის შესაძლებლობა უჩნდება. შეთანხმების მიხედვით აფრიკულ სახელმწიფო მალიში არსებულ ფრანგულ სამხედრო მისიას ბერძენი სამხედროები შეუერთდებიან. ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრების სანაცვლოდ კი საფრანგეთმა საბერძნეთს სამხედრო დახმარების ბუნდოვანი პირობა მისცა.
საგულისხმოა, რომ თურქი ანალიტიკოსები „გონიერ პოლიტიკოსად“ მოიხსენიებენ ალექსის ციპრასს, რომელიც საბერძნეთის მთავრობას ქვეყნის მილიტარიზაციაში ადანაშაულებს. იქვე ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ საბერძნეთი ათობით მილიარდი ამერიკული დოლარის შეიარაღებას იძენს მაშინ, როდესაც ამისათვის საკმარისი სახსრები არ გააჩნია, რითაც, ფაქტობრივად, ამერიკული კოლონიის მდგომარეობაში ვარდება.
გიორგი ჯანელიძე
ათენის იოანე კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური ანალიზის, გეოსტრატეგიული და თავდაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების სპეციალობის მაგისტრანტი
კომენტარები