ნინო ხარატიშვილის ჯერ არგამოცემული წიგნის საავტორო უფლება აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გამომცემლობამ შეიძინა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციით გაიხსნა. 2022 წლის თებერვალში გამოვა მწერალ ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი The Lack of Light, რომლის საავტორო უფლება ჯერ კიდევ წიგნის გამოცემამდე შეიძინა ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა“.
წიგნის მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე განმარტავს, რომ ნაწარმოების სამუშაო სათაურია „უკმარი სინათლე“. ახალი რომანის საავტორო უფლება, აშშ-ის გარდა, ცხრა ქვეყანამ შეიძინა. მათ შორისაა საქართველო და გამომცემლობა „ინტელექტი“. წიგნის გამოცემის საავტორო უფლება ამ დროისთვის, საქართველოსა და აშშ-ის გარდა, აქვს ჰოლანდიას, იტალიას, ესპანეთს, ამერიკა, შვედეთს, დანიას, ნორვეგიას და პოლონეთს, საფრანგეთთან ჯერ მოლაპარაკებები მიდის.
„გვინდა, 2022 წლის გვიან გაზაფხულზე ქართველ მკითხველს უკვე ჰქონდეს ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი. ის, რომ მისი ნაწარმოებების მთავარი თემა საქართველოა, ცხადია, ქართველი მკითხველის ინტერესს გამორჩეულად აღძრავს. ნინოს ახალი რომანი ზუსტად ისეთივეა, როგორც ყველა დანარჩენი – დაიწყებ და ვეღარ მოწყდები“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ საქართველოს რადიოს გადაცემა „პიკის საათის“ პირდაპირ ეთერში.
სოლოლაკის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში მცხოვრები ოთხი ქართველი გოგო; ქვეყანა, რომელმაც სულ ახლახან მოიპოვა დამოუკიდებლობა; ქვეყანა, სადაც ძალადობა და ქაოსი სუფევს – ქუჩის გარჩევები, სამოქალაქო დაპირისპირება, შიმშილი, სიცივე, – ეს არის ნინო ხარატიშვილის ახალი რომანის სიუჟეტური ქარგა.
კომენტარები