საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურები მნიშვნელოვნად დაჩქარდა – გაეცანით სიახლეებს

ცნობილია, რომ საბერძნეთში ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მოპოვება ყოველთვის დროში გაწელილ რთულ პროცედურას წარმოადგენდა. კანდიდატები 6-7 წელიწადს ელოდებიან თავიანთი საკითხის გადაწყვეტას მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში.

„ნეა დიმოკრატია” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ პრობლემის მოგვარების პირობას დებდა და, როგორც ჩანს, დანაპირებს ასრულებს. ყოველ შემთხვევაში, უკვე ამოქმედდა გამოცდების წერილობითი ფორმით ჩაბარების საერთო ეროვნული და გამჭვირვალე სისტემა, რითაც ზეპირი გამოცდების დროს კორუფციული გარიგებების შესაძლებლობა გამოირიცხა.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე კი ახლახან გახდა ცნობილი: ოქტომბერში დაიწყო გასაუბრების პროცედურები იმ კანდიდატებთან, რომლებმაც გაზაფხულზე გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ თვეში დაახლოებით 200 გასაუბრებას ჩაატარებს, რაც, თუკი მართლაც განხორციელდა, მნიშვნელოვანი წარმატება იქნება.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატი ჯერ აბარებს წერით გამოცდას და წარმატების შემთხვევაში იღებს შესაბამის სერტიფიკატს (Πιστοποιητικό Επάρκειας Γνώσεων Πολιτογράφησης), რის შემდეგაც შეუძლია გააკეთოს განაცხადი მოქალაქეობის მიღების თაობაზე (დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე: https://nostal.ge/2021/03/22/saberzneti-gaixsna/).

შეგახსენებთ, რომ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ბერძნული 9-წლიანი სავალდებულო სწავლების კურსი, ასევე, ლიცეუმის (მე-10 – მე-12 კლასები) და ბერძული სახელმწიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს გამოცდის ჩაბარების ვალდებულება ეხსნებათ. განაცხადთან ერთად კანდიდატი იხდის სახელმწიფო ბაჟს (პარავოლო) 550 ევროს ოდენობით. გასაუბრება კი ბოლო სტადიაა, რის შემდეგაც კანდიდატი საბერძნეთის მოქალაქე ხდება.

საგულისხმოა, რომ გასაუბრება არ წარმოადგენს გამოცდის სახეობას. კომისიის წევრებს უფლება არ აქვთ, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება. მათი მოვალეობაა, მკაცრი კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია, დაადგინონ კანდიდატის ინტეგრაციის დონე ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close