რა სიახლეები ელით საბერძნეთის მოქალაქეობის კანდიდატებს მეორე ეროვნულ გამოცდებზე
7 ნოემბერს ჩატარდება რიგით მეორე ეროვნული გამოცდები ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთათვის. პირველად ასეთი სახით გამოცდა მიმდინარე წლის 16 მაისს ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარება აუცილებელი პირობაა ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობაზე განაცხადის შესატანად და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატები შესაბამის სერტიფიკატს (Πιστοποιητικό Επάρκειας Γνώσεων Πολιτογράφησης) მიიღებენ.
პირველ საგამოცდო სესიაზე მიღებული გამოცდილების შესაბამისად გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, მაისში ჯერ ჩატარდა წერითი გამოცდა ბერძნულ ენაში, რომლის ხანგრძლივობა 90 წუთი იყო. შემდეგი 90 წუთის განმავლობაში კანდიდატებს მოუწიათ, წერილობით ეპასუხათ კითხვებზე გეოგრაფიაში, კულტურის თემებზე, ისტორიასა და პოლიტიკურ ინსტიტუციებში. მაშინ ამან ორგანიზაციული სახის პრობლემები წარმოშვა. დილას დაწყებული გამოცდა საღამოს 6 საათამდე გაგრძელდა.
ამჯერად ეს ორი წერითი გამოცდა გაერთიანდა და მისი ხანგრძლივობა 2,5 საათი იქნება. წერითი გამოცდის შემდეგ ჩატარდება ზეპირი გამოცდა ბერძნულ ენაში.
გარკვეული ცვლილებაა საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, გამოიცვალა 2 საგამოცდო საკითხი ბერძნულ ენაში და 10 – გეოგრაფიაში, კულტურის თემებზე, ისტორიასა და პოლიტიკურ ინსტიტუციებში (საგამოცდო საკითხები პასუხებითურთ შეგიძლიათ ნახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე: https://www.ypes.gr/trapeza-thematon-pegp/).
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გამოცდები საშუალო ევროპული დონის სირთულისაა. შედარებისათვის, დიდ ბრიტანეთში საკითხების რაოდენობა ორჯერ მეტია, ხოლო აშშ-ში – 20%-ით, თანაც ქვეყნების უმრავლესობა მხოლოდ საკითხებს აქვეყნებს სწორი პასუხების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა კანდიდატების რაოდენობა. მაისში განაცხადი დაახლოებით 2500-მა კანდიდატმა გააკეთა, საიდანაც 1700-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამჯერად დაახლოებით 6500 კანდიდატი დარეგისტრირდა, რომელთა დიდი ნაწილი, 3500 ადამიანი ატიკის ოლქში ჩააბარებს გამოცდას. ასევე, ქალაქ ტრიპოლისში გაათმაგდა კანდიდატთა რაოდენობა და ამჯერად 400 უცხოელი შეეცდება საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვებას.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები