fbpx
რჩევები

უჩვეულო და უებარი მეთოდი: კოკა-კოლა ბაღ-ბოსტნის მოსავლელად

დღეს გასწავლით რამდენიმე რეცეპტს, თუ როგორ უნდა გამოიყენთ კოკა-კოლა, რომ მცენარეები მავნებლებისგან დაიცვათ და მაღალი მოსავალიც მიიღოთ.

სანამ საზოგადოება გაცხარებული მსჯელობს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სასმელის, კოკა-კოლას მავნებლობა-უვნებლობაზე, მოხერხებულები და ორიგინალურად მოაზროვნეები არაერთ გამოყენებას უძებნიან მას.

არაფერს ვიტყვით საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ დაბინძურებული საკანალიზაციო მილების გაწმენდაზე, დღეს გასწავლით რამდენიმე რეცეპტს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ კოკა-კოლა ბაღებსა და ბოსტნებში, რომ მცენარეები მავნებლებისგან დაიცვათ და მაღალი მოსავალიც მიიღოთ.

კოკა-კოლა ბუგრების, ბაღლინჯოებისა და ჭიანჭველების წინააღმდეგ

ხსნარის დასამზადებლად დაგჭირდებათ 2 ლ კოკა-კოლა და 7 ლ წყალი.
საგულდაგულოდ შეანჯღრიეთ ბოთლი, რათა სასმელს გაზი გაუვიდეს. შემდეგ შეურიეთ ის წყალს და შეასხურეთ ხეხილს.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ხსნარი ფოთლების ორივე მხარეს მოხვდეს, რათა კოკა-კოლას შემადგენლობაში შემავალმა შაქარმა მწერები მცენარეს მიაკროს და მისი წვენით კვების საშუალება მოუსპოს. ეფექტს უკვე პირველივე დამუშავების შემდეგ მიიღებთ.

თუ მცენარეებს ბევრი მწერი ჰყავს შესეული, მაშინ გამოიყენეთ უფრო ძლიერმოქმედი ხსნარი: 2 ლ კოკა-კოლა გახსენით 2 ლ წყალში.

გახსოვდეთ მთავარი პირობა:

  • ასხურეთ აღნიშნული ხსნარი მცენარეებს რეგულარულად, 1-2 კვირის განმავლობაში.
  • არ გამოიყენოთ ხსნარი ყვავილედის ფორმირების პერიოდში, თორემ ფურცლები ერთმანეთს შეეწებება და ნაყოფს ვერ მიიღებთ;
  • ნუ გამოიყენებთ ძლიერმოქმედ ხსნარს, თუ ეს აუცილებელი არ არის, თორემ კოკა-კოლას მაღალ კონცენტრაციას ახალგაზრდა ფოთლების დაზიანებაც შეუძლია.

შენიშვნა: ასეთი ხსნარი ნაკლებად ეფექტიანია ჭიანჭველების წინააღმდეგ, ამიტომ, თუ მათ ბუდეს მიაგნებთ, უბრალოდ ჩაასხით გაუზავებელი სასმელი შიგნით.

კოკა-კოლა ლოქორებისა და ლოკოკინების წინააღმდეგ

თუ უკვე დაგღალათ ლოქორებთან და ლოკოკინებთან ბრძოლამ, რომლებიც მუსრს ავლებენ მცენარეთა ნაყოფსა და ფოთლებს, გაუმასპინძლდით მათ კოკა-კოლათი

ამისათვის, ჩაასხით ცოტა სასმელი ოდნავ ღრმა ჭურჭლებში, მოთხარეთ მიწა იმ ადგილებში, სადაც ყველაზე ხშირად გხვდებიან მავნებლები და ჩაალაგეთ ჯამები.

ტკბილი არომატი მოლუსკებს მიიზიდავს და როდესაც „გატკბილიანებულები“ ნიჟარაში შეძვრებიან, უკან ვეღარ გამოაღწევენ. თანაც მჟავა ისედაც დახოცავს მათ.

შენიშვნა: კოკა-კოლას ნაცვლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლუდი, წვენი, ვაჟინი ან ამჟავებული კომპოტი.

კოკა-კოლა და კოლორადოს ხოჭო

კოლორადოს ხოჭო იოლად არ შინდება პესტიციდებით, ამიტომ გირჩევთ, ქიმიური პრეპარატების ნაცვლად კოკა-კოლა გამოიყენოთ.

გააზავეთ 2 ლ კოკა-კოლა 2.5 ან 7 ლ წყალში (მავნებლების რაოდენობის მიხედვით) და შეასხურეთ ის კარტოფილის ფოთლებს ისე, რომ არ მოხვდეს ყვავილედებზე. ეფექტს ორიოდე დღეში შენიშნავთ.

ამ მეთოდის უდიდესი პლუსი ისაა, რომ ხსნარის შესხურება ნაყოფის მწიფობის პერიოდშიც შეგიძლიათ, ანუ მაშინ, როცა პესტიციდების გამოყენება უკვე დაუშვებელია.

შენიშვნა: ზოგი მებაღე გაუზავებელ სასმელს იყენებს შესასხურებლად, რათა სწრაფი შედეგი მიიღოს. მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთხვევაში ტკბილი სუნი სხვა ბევრ მწერს მოიზიდავს.

გახსოვდეთ:

    • არ შეიძლება პესტიციდების, ქიმიური პრეპარატების გამოყენება კოკა-კოლასთან ერთად.
    • ჩაატარეთ პროცედურა უღრუბლო, მშრალ ამინდში, რათა წვიმამ ხსნარი არ ჩამორეცხოს მცენარიდან.

კოკა-კოლა და ფიტოფთორა

ფიტოფთორის პროფილაქტიკისთვის მოსინჯეთ ასეთი მეთოდი:

აიღეთ 0,5 ლ კეფირი ან შრატი, შეურიეთ ის 250 მლ კოკა-კოლას და შემდეგ მიღებული მასა გახსენით 10 ლ წყალში. კარგად მოურიეთ და შეასხურეთ მცენარეებს.

შედეგად, ფოთლებზე წარმოიქმნება თხელი ფენა, რომელიც არა მხოლოდ დაიცავს მცენარეს ბაქტერიებისგან, არამედ მავნებლებსაც შეუშლის ხელს პირის ჩატკბარუნებაში.

განსაკუთრებით ეფექტიანია ამ პროცედურის ჩატარება ივლისის დასაწყისში, როდესაც ფიტოფთორა ძალას იკრებს.

შენიშვნა: შეასხურეთ ხსნარი მცენარეებს ყოველ 7-10 დღეში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში.

კოკა-კოლა კომპოსტისთვის

კოკა-კოლა ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაქტერიების ზრდის დასაჩქარებლად კომპოსტში.

მოუყარეთ თავი საკომპოსტე გროვას (სარეველებსა და საჭმლის ნარჩენებს) და ზემოდან თანაბრად მოასხით 2 ლ კოკა-კოლა. შემდეგ ყოველ ათ დღეში ერთხელ ამოურიეთ და ასხით მცირე რაოდენობით წყალი. 4-6 კვირის შემდეგ კომპოსტი მზად იქნება გამოყენებისთვის.

შენიშვნა: ამ მეთოდს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, თუმცა ალბათ ღირს, თავად გამოცადოთ მისი ვარგისიანობა.

კოკა-კოლა, როგორც სასუქი

შაქრისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობის წყალობით, კოკა-კოლა შეგიძლიათ სასუქად გამოიყენოთ როგორც ბაღ-ბოსტნებში, ისე ოთახის მცენარეებისთვის.

გააზავეთ სასმელი შემდეგი პროპორციით: 2 სუფრის კოვზი კოკა-კოლა 10 ლიტრ წყალზე – და დაუსხით ხსნარი მცენარეს ფესვებთან.

შენიშვნა: მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ ნიადაგი დამჟავდება და შესაძლოა სოკოვანმა დაავადებებმაც იჩინოს თავი.

აკრძალულია მცენარის მორწყვა სუფთა კოკა-კოლათი, ვინაიდან სასმელი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close