სპორტი

იტალიამ ტოკიოს ოლიმპიადის მედლების მფლობელებს ყველაზე მეტი საპრიზო თანხა გადაუხადა – FORBES

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ Forbes-მა გამოაქვეყნა იმ 13 ქვეყნის რეიტინგი, რომლებმაც საერთო ჯამში მილიონ აშშ დოლარზე მეტი საპრიზო თანხა გადაუხადეს თავიანთ სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიადაზე მედლების მოპოვებისთვის. რეიტინგში ნაჩვენებია ყველა სპორტსმენისთვის გადახდილი საერთო თანხა, რომლებმაც მედლები მოიპოვეს.

რეიტინგის ლიდერია იტალია, რომელმაც მედლის მფლობელ თავის სპორტსმენებს მთლიანობაში 9,07 მლნ აშშ დოლარი გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ იტალიის ოლიმპიურმა ნაკრებმა 10 ოქროს, 10 ვერცხლის და 20 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-10 ადგილზე გავიდა, რაც ისტორიის მანძილზე იტალიისთვის საუკეთესო შედეგია.

ამასთან, ოქროს მედლისთვის იტალიამ 212 000 აშშ დოლარი (უფრო სწორად, შესაბამისი კურსით ევრო) გადაიხადა, 106 ათასი აშშ დოლარი – ვერცხლისთვის და 71 000 აშშ დოლარი – ბრინჯაოსთვის).

მედლების რაოდენობით პირველ ადილზე გასულმა აშშ-მა კი 39 ოქროს, 41  ვერცხლის და 33 ბრინჯაოსთვის თავის სპორტსმენებს ჯამში 7,84 მლნ დოლარი გადაუხადა: ოქროსთვის – 37 500 აშშ დოლარი, ვერცხლისთვის – 22 500 აშშ დოლარი და ბრინჯაოსთვის – 15 ათასი აშშ დოლარი.

საპრიზო თანხის რაოდენობით მესამე ადგილზეა საფრანგეთი 6,51 მლნ აშშ დოლარით (ქვეყანა მედლების საერთო რაოდენობით მე-8 ადგილზე გავიდა 10 ოქროს, 12 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედლით). საფრანგეთი ოქროს მედლისთვის 76 000 აშშ დოლარს იხდის.

ათეული ასე გამოიყურება: 

  1. იტალია – $9,07 მლნ
  2. აშშ – $7,84 მლნ
  3. საფრანგეთი – $6,51 მლნ
  4. უნგრეთი – $5,64 მლნ
  5. ტაივანი – $4,92 მლნ
  6. იაპონია – $4,03 მლნ
  7. ესპანეთი – $2,55 მლნ
  8. თურქეთი – $2,26 მლნ
  9. სერბეთი – $2,01 მლნ
  10. ჰონგ კონგი – $1,93 მლნ

საერთო ჯამში მილიონ დოლარი ან მეტი გადაუხადეს ოლიმპიური მედლების მფლობელ თავიანთ სპორტსმენებს ავსტრალიამ (1,05 მლნ), ინდონეზიამ (1,04 მლნ) და კანადამ (1 მლნ).

რეიტინგში არ შევიდნენ ჩინეთი და რუსეთი, რომლებმაც Forbes-ს თავიანთი საპრიზო თანხების შესახებ მონაცემები არ გაუმხილეს. მედლების რაოდენობით ჩინეთი მე-2 ადგილზე გავიდა, რუსეთი კი, რომლის სპორტსმენები რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით ასპარეზობდნენ, მე-5 ადგილზე.

საქართველოს რაც შეეხება, ჩვენი ოლიმპიური ნაკრები 33-ე ადგილზე გავიდა 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით (აღსანიშნავია, რომ საქართველომ გაუსწრო თურქეთს, საბერძნეთს, ისრაელს, უკრაინას და ა. შ. ტოკიოს ოლიმპიადაზე 206 ქვეყანა მონაწილეობდა და, სულ ცოტა, ერთი მედლის მოპოვება 87-მა ქვეყანამ შეძლო). ოქროს მედლის მფლობელებს, თითოეულს, საქართველოს მთავრობამ 1 მლნ ლარი (დაახ. 322 600 აშშ დოლარი) გადაუხადა; ვერცხლის მედალოსნებს, თითოეულს – 102 ათასი ლარი (32 900 აშშ დოლარი), ბრინჯაოს მედლის მფლობელს კი – 68 ათასი ლარი (21 935 აშშ დოლარი). მთლიანობაში საქართველოს მიერ გამოყოფილი საპრიზო ფონდი დაახ. 368 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close