საზოგადოებასპორტი

„ემიგრანტ ბებიას და დეიდას ჩამოვიყვან“ – ლაშა ბექაური მოგებული მილიონით ემიგრაციიდან ოჯახის წევრების დაბრუნებას გეგმავს (ვიდეო)

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონობისთვის საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული ფინანსური ჯილდოთი – მილიონი ლარით ემიგრაციიდან დეიდის და ბებიის დაბრუნებას აპირებს.

21 წლის ლაშა ბექაური საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა შორის ყველაზე უმცროსია და ის 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი გახდა (ლაშას 21 წელი 26 ივლისს შეუსრულდა, ოლიმპიურ ჩემპიონობამდე 2 დღით ადრე).

მთავრობის მიერ ნაჩუქარი მილიონი ლარით ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების სამშობლოში დაბრუნების სურვილის შესახებ სპორტსმენმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემაში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რაში დახარჯავს სახელმწიფოსგან მიღებულ ერთ მილიონ ლარს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ასეთი პასუხი გასცა:

„პირველ რიგში, ბებიაჩემი და დეიდაჩემი არიან ემიგრაციაში – საბერძნეთში, იქ მუშაობენ, ემიგრანტები არიან და მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში. სხვა დეტალებზე ასე ზოგადად არ მიფიქრია, თუმცა ჯერ ჩემთვის მთავარი სწორედ ეს არის“.

ლაშა ბექაურის დედამ, ვიკა წიკლაურმა, შვილის წარმატების შემდეგ, სოციალურ ქსელში პირველი კომენტარი გამოაქვეყნა.

„მადლობა ადამიანებო, ჯერ ისევ სიხარულით გამოწვეული შოკი მაქვს! არა და დიდ ტკივილს, მოუშუშებელს დავატარებდი გულით, რომელიც ლაშას ბიძამ, ჩემმა ძმამ წაიღო. ლაშამ ჩემი სოსო გამიცოცხლა! ჩემი გული აამზიანა და დიდი სიხარულით შეცვალა. მადლობა დედი, ამისთვის, ყველაფრისათვის! გილოცავ დედი, მიყვარხართ ქართველებო!“ – წერს ჩემპიონის დედა

ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე ლაშა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და სწორედ იმ ტურნირზე გადაწყდა, რომ ტოკიო 2020-ზე ბექაური წავიდოდა, თუმცა უნგრეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ მისის ოლიმპიადაზე წასვლა კითხვის ქვეშ დადგა, რადგან გუნდური შეჯიბრის დროს ტატამზე გამოსვლისას ლაშამ მხარი იტკინა. საკმაოდ სერიოზულ ტრავმას ნაკრების სამედიცინო ჯგუფმა სპეციალური პროგრამით უმკურნალა. მართალია, ექვსი კვირა საკმარისი არ აღმოჩნდა ტრავმის ბოლომდე მოსაშუშებლად, მაგრამ ბექაურმა მაინც შეძლო გამარჯვება.

ლაშა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოდანაა. მან 3 თვის წინ ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ტრიუმფის შემდეგ „პოსტ ფაქტუმთან“ იმ ურთულეს პირობებზე ისაუბრა, რომლებთან გამკლავებაც ბავშვობაში და ძიუდოისტის კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას მოუწია.

„იყო მომენტები, როცა ქვებითაც გვიწევდა ვარჯიში, რადგან გირები და ჰანტელები არ გვქონდა. მანქანის ძველ საბურავებს ქამარზე გამოვიბამდით და ასე დავრბოდით ხოლმე, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ჩემი სახლიდან დარბაზამდე 13 კილომეტრი იყო და ბიჭები ამ მანძილს ფეხით გავდიოდით. ძალიან ხშირად დაბრუნება ღამე გვიწევდა და პატარა ბავშვისთვის ამხელა გზაზე სიარული ურთულესი იყო…

ვამაყობ, რომ ქართველი და მთის შვილი ვარ. ვამაყობ იმითაც, რომ 300 არაგველის შთამომავალი ვარ და შეჯიბრზე როცა გავდივარ, დიდ მოტივაციას მაძლევს ის ხალხი, ომში თავდაუზოგავად რომ იბრძოდა. არ მაქვს უფლება, უკან დავიხიო, რადგან მათი შთამომავალი ვარ.

ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ. საჭმელი არ მქონია, ისე წავსულვარ. სკოლის პერიოდში ისეთი გაჭირვება იყო, ბავშვები კარალიოკს ვჭამდით ხოლმე, ბუფეტში რომ ვერაფერს ვყიდულობდით… ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველას დამარცხება შემიძლია და ყველანაირად ვეცდები, რომ ჩვენს ქვეყანას ოლიმპიური ოქრო მოვუტანო“.

ლაშამ ეს პირობა შეასრულა – ტოკიოში 28 ივლისს ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. ტოკიო-2020-ის გახსნიდან მეექვსე დღეს ბუდოკანის ძიუდოს დარბაზში საქართველოს ჰიმნი გაისმა.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ლაშა ბექაურის ნათლიაც ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში – ზურაბ ზვიადაური. ზვიადაურმა, ისევე როგორც ლაშამ, 90 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი 2004 წელს ათენში, 23 წლის ასაკში და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close